გიორგი შარაშიძე - როგორც ჩანს, უკრაინას საქართველოსგან მეტი მხარდაჭერის მოლოდინი ჰქონდა და ამით იყო განპირობებული მათი განცხადებები, მისასალმებელია, თუ ურთიერთობები დალაგდება
გიორგი შარაშიძე - როგორც ჩანს, უკრაინას საქართველოსგან მეტი მხარდაჭერის მოლოდინი ჰქონდა და ამით იყო განპირობებული მათი განცხადებები, მისასალმებელია, თუ ურთიერთობები დალაგდება

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, საქართველოს შეეძლო, უკრაინასთან დაკავშირებით გაცილებით ღირსეული პოზიციები დაეფიქსირებინა.

„იყო გარკვეული სახის რეზოლუციები, რასაც საქართველო შეუერთდა, მაგრამ რა საგარეო პოლიტიკასაც „ოცნების“ რეჟიმი აწარმოებდა, მისაღები არ იყო. ვგულისხმობ მათ რიტორიკას დასავლური სამყაროს წინააღმდეგ“, – აღნიშნა შარაშიძემ.

მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები თუ დალაგდება, ეს მხოლოდ მისასალმებელია.

„უკრაინის პოზიციას რომ თავი დავანებოთ, ტრიოში საქართველო ლიდერი იყო, მაგრამ რის გამოც არ არის მოლაპარაკებების პროცესში ჩართული, ეს თავად ხელისუფლების დანაშაულია. ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეეჩერებინათ. როგორც ჩანს, უკრაინას საქართველოსგან უფრო მეტი მხარდაჭერის მოლოდინი ჰქონდა, რითაც იყო განპირობებული მათი განცხადებები. საქართველომ დემოკრატიული რეფორმებით უნდა დაიბრუნოს წამყვანი როლი, რაც ტრიოში ჰქონდა“, – განუცხადა გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველ არხს.