ქრისტეს აღდგომას მართლმადიდებლების გარდა, სხვა ქრისტიანული კონფესიებიც აღნიშნავენ
ქრისტეს აღდგომას მართლმადიდებლების გარდა, სხვა ქრისტიანული კონფესიებიც აღნიშნავენ; ესენია: საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი, საქართველოს სახარების რწმენის (ორმოცდაათიანელები) ეკლესია და ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“.
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალში სააღდგომო ღვთისმსახურება 23:45 საათზე დაიწყება. სააღდგომო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, მრევლი, სტუმრები, ეპისკოპოსები, დიაკვნები გაემართებიან თბილისთან ახლოს, მთაზე, სადაც აღავლენენ ცისკრის ლოცვას, ნიშნად იმისა, რომ მაცხოვარის აღდგომა არ არის რომელიმე რელიგიის და მასში არსებული დენომინაციის საკუთრება, ის კოსმიური მოვლენაა.
საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგიას 20:00 საათიდან ჩაატარებენ. საქართველოს სახარების რწმენის (ორმოცდაათიანელები) ეკლესიაში სააღდგომო მსახურება 23:00 საათზე დაიწყება.
ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ აღდგომის დღესასწაულს ხვალ დილიდან იზეიმებს.