ქობულეთში მულტიფუნქციური მწვანე ქალაქი აშენდება. აჭარის მთავრობასა და კომპანია „გრინ რეზორთს“ შორის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც 180 ჰექტარზე ნახევარი მილიარდი ლარის ევროპულ ინვესტიციას განხორციელდება.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მშენებლობისას და შემდგომ ოპერირებისას დასაქმებული იქნება 500 ადამიანი.
მათივე ინფორმაციით, პროექტში გათვალისწინებულია გოლფის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, სხვადასხვა ზომის საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები, ველო ბილიკი, სარბენი ბილიკი, დასასვენებელი ზონები და სათამაშო მოედნები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის. პროექტით გათვალისწინებული სპორტული ინფრასტრუქტურა ქობულეთს და აჭარის რეგიონს სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობას შექმნის. ასევე აშენდება 250 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში სხვადსახვა ტიპის კვების ობიექტები, საკონფერენციო დარბაზი, აპარტამენტები, ვილები. პროექტში ასევე გათვალისწინებულია სავაჭრო ცენტრი, პარკირება 500 ავტომობილისთვის და ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი.
სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მართვა განხორციელდება საერთაშორისო ბრენდის მიერ. „გრინ რეზორტის“ მშენებლობისას გამოყენებული იქნება ენერგო ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები. ტერიტორია აღჭურვილი იქნება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა ელექტრომობილების დასამუხტი სადგურები და მზის ენერგიის პანელები.
პროექტი ხორციელდება კომპანია „გრინ რეზორთის“ მიერ „ელ & ერ“ კომპანისთან პარტნიორობით, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში და არა-ერთი ევროპული ინვესტიცია მოიზიდა.