ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს, მერიამ მოსახლეობას პირველადი მოხმარების პროდუქტები დაურიგა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს, ქობულეთის მერიამ მოსახლეობას პირველადი მოხმარების პროდუქტები დაურიგა. პროდუქტებთან ერთად ოჯახებს ფქვილიც მიუტანეს.
ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, ეს არ არის ერთჯერადი აქცია და ის მომავალშიც გაგრძელდება.
„საგანგებო რეჟიმის ფარგლებში, ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს სასურსათო ამანათების დარიგებას მოსახლეობისთვის. განსაკუთრებით ეს ეხება სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, როდესაც საგანგებო რეჟიმი შემოვიდა ამ სოფლებში, რომ ავიღებდით ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას რომელიც გულისხმობს ასეთი მოწყვლადი ჯგუფებში შემავალი ოჯახების საკვებით მომარაგების, მით უმეტეს მოდის აღდგომის დღესასწაული და ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. დახმარების გარდა ჩვენ ვახსენებთ იმ აუცილებელი და სავალდებულო რეკომენდაციების შესრულებას, რომელსაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში. სასიხარულოა, რომ ამ სოფლების მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ემორჩილება შეზღუდვებს და რეკომენდაციებს“, – განაცხადა ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 12 აპრილს დაწესდა .