მირიან ქათამაძე - რამდენიმე დღეა, ქობულეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა აღარ გვაქვს, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიმუშაოთ შეზღუდვების მოხსნასა და შერბილებაზე
მირიან ქათამაძე - რამდენიმე დღეა, ქობულეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა აღარ გვაქვს, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიმუშაოთ შეზღუდვების მოხსნასა და შერბილებაზე

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, რეგიონში არსებული სიტუაცია იძლევა შეზღუდვების შერბილებისა და მოხსნის საფუძველს. როგორც მირიან ქათამაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, პრევენციისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 33 788, ხოლო ტესტირება 520 პირს ჩაუტარდა.

„მოგეხსნებათ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში 12 აპრილიდან მოქმედებს საკარანტინო რეჟიმი. 6 აპრილიდან არის დაფიქსირებული პირველი კოვიდინფექციის შემთხვევა. ამ პერიოდში მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური ხასიათის მუშაობა, გაწეულია შრომატევადი სამუშაო, 572 პირი იქნა დადგენილი კონტაქტების სახით და იზოლირებული შესაბამისი სამსახურის მიერ. 520 ტესტი იქნა გაკეთებული ამ ხნის განმავლობაში. „კოვიდ-19“ ინფექციის დროული გამოვლენის და პრევენციის თვალსაზრისით 33 788 პირს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, მათგან 32 საეჭვო შემთხვევა იყო გამოვლენილი და 32-ვე გაიტესტა და საბედნიეროდ ყველა იყო უარყოფითი. არსებული სიტუაცია და გაწეული სამუშაო რომელიც ეპიდემიოლოგების ჯგუფმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მერის სამსახურებთან ერთად გაწიეს გვაძლევს საფუძველს, რომ დღეისათვის ჩვენ დავიწყოთ საკმაოდ აქტიური მსჯელობა და მუშაობა შეზღუდვების მოხსნაზე და შერბილებაზე, რომელიც დაიწყება ხვალიდან. მოგეხსენებათ, რომ მეორე საინკუბაციო პერიოდი მთავრდება ამ ზონაში არსებული სოფლებისთვის. რამდენიმე დღეა აღარ გვაქვს ახალი შემთხვევა როგორც აჭარის რეგიონში ისე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ ვიმუშაოთ შეზღუდვების მოხსნასა და შერბილებაზე“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.