მირიან ქათამაძე - ქობულეთის მერია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს რეაბილიტაციის დროს მედიკამენტებს დაუფინანსებს
მირიან ქათამაძე - ქობულეთის მერია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს რეაბილიტაციის დროს მედიკამენტებს დაუფინანსებს

ქობულეთის მერია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს მედიკამენტებს დაუფინანსებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ განუცხადა. მისი თქმით, ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები უკვე გათვალისწინებულია.

მირიან ქათამაძის განცხადებით, გამოჯანმრთელებულები საჭიროებენ სხვადასხვა მედიკამენტოზურ დახმარებას რეაბილიტაციის პერიოდში, აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერიამ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, მიიღო გადაწყვეტილება და განკურნებულ პირთა რეაბილიტაციის პერიოდში, მედიკამენტოზური დახმარების დააფინანსებს.

თითოეულ ბენეფიციარს დაუფინანსდება არაუმეტეს 500 ლარის ღირებულების მედიკამენტი. პროგრამის ბიუჯეტი 17 500 ლარია.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში არის ახალი ქვეპროგრამა, რომელიც ითვალისწინებს „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მიმდინარე წლის აპრილის თვეში როგორც მოგეხსენებათ ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა „კოვიდ-19“-ის ინფექციის არა ერთი შემთხვევა, იყო და არის ქობულეთის კლასტერი, რომელიც გავრცელებულია რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში და მათ შორის ქალაქ ქობულეთშიც. ამ ადამიანების კლინიკურ მკურნალობას აფინანსებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო. ჩვენ უკვე გვყავს ექვსი გამოჯანმრთელებული, რომლებიც გაეწერნენ კლინიკიდან და ისინი რჩებიან მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ თვითოზოლაციის პირობებში. ყველა ამ ადამიანს ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ სჭირდება მკაცრი რეაბილიტაცია, რომელიც არის დაკავშირებული მედიკამენტებთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ იღებს თავის თავზე ამ მნიშვნელოვან ფუნქციას და ამ ადამიანებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაეხმარება მედიკამენტების შეძენაში. ასეთი ჯერჯერობით გვყავს ექვსი პირი, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ 36 ინფიცირებული პირიდან ყველა იქნება გამოჯანმრთელებული. შესაბამისად, ჩვენ სრულ რეაბილიტაციაში შევიტანთ წვლილს“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.