ქეთი ხუციშვილი - თუ სოციალურ მუშაკსა და მედიატორს შორის მოლაპარაკება შედგება და დაპირდებიან, რომ მოთხოვნები გონივრულ ვადებში დაკმაყოფილდება, პროტესტი შეწყდება
ქეთი ხუციშვილი - თუ სოციალურ მუშაკსა და მედიატორს შორის მოლაპარაკება შედგება და დაპირდებიან, რომ მოთხოვნები გონივრულ ვადებში დაკმაყოფილდება, პროტესტი შეწყდება

მეურვეობისა და მზრუნველობის სოციალურ მუშაკებს ისეთი მოვალეობები ავალიათ, რომელიც სოციალურ მუშაობასთან ახლოსაც არ დგას, – ამის შესახებ ყოფილმა სოციალურმა მუშაკმა და საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ქეთი ხუციშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს არის წმინდა ტექნიკური საქმიანობები. მაგალითად, ადამიანების სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში ჩართვა. გაგეცინებათ და, სოციალური მუშაკები ყოველი თვის ბოლოს დგანან, ვაუჩერებს ბეჭდავენ და ამ ვაუჩერებს ბენეფიციარებზე გასცემენ“, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა ინფორმირებული ჯანდაცვის სამინისტრო იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც სოციალურ მუშაკებს ამდენი ხნის განმავლობაში ჰქონდათ, ქეთი ხუციშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ძალიან ბევრჯერ, ძალიან კარგად იყო ინფორმირებული და თუ ისინი გაბედავენ და იტყვიან, რომ არ იცოდნენ, რა ხდებოდა, ეს უბრალოდ, სირცხვილი იქნება.

„მაგალითად, 2017 წელს „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ“ გაავრცელა პეტიცია, რომელსაც 585 ხელმომწერი ჰყავდა. ეს პეტიცია ჯანდაცვის მინისტრს, მთავრობასა და პარლამენტს ჩაბარდა. პეტიციაში იყო ყველა ის მუხლი, რაზეც დღეს განცხადებით მივმართავთ და პეტიციაში პირდაპირ ეწერა ასეთი სიტყვები – შეგვხვდით, ბატონო მინისტრო, მოისმინეთ ჩვენი პრობლემები! არათუ რამე რეაგირება მოხდა, ჯანდაცვის მინისტრი ერთხელაც არ შეხვედრია სოციალურ მუშაკებს“, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრი მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი არ არის, ის სოციალური დაცვის მინისტრიცაა და სოციალური მუშაკების უკან მდგარ ადამიანებს უნდა ემსახუროს.

„ვიცი, ახლა, როცა ჯანდაცვის წარმომადგენელი ჩაგვერთვება, გვეტყვის, რომ რაღაც საბჭო შეიქმნა და მინისტრი ამ ადამიანებთან ზის, მაგრამ ეს საბჭო გამჭვირვალე არ არის. ჩატარდა ერთადერთი შეხვედრა, სადაც იჯდა ორი სოციალური მუშაკი, რომლებსაც თვითონ დაურეკეს და თვრამეტი ადამიანი იმავე უწყებიდან“, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, მუდმივად მიმდინარეობს საუბარი კადრების დეფიციტზე, მაგრამ სინამდვილეში, კადრების დეფიციტი არ არის.

„მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოშვებული ჰყავს 350-ზე მეტი სტუდენტი და იმ მონაცემით, რაც ვიცით, მათი ნახევარია დასაქმებული, ნახევარი კი არა. ამ ადამიანებს აქვთ უნივერსიტეტის დიპლომი, სოციალური მუშაობის და მათ ისეთი გარემო უნდა შევუქმნათ, რომ მოვიდნენ და დასაქმდნენ. სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმა ამბობს, რომ 2021 წლიდან ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ 2021 წლამდე სისტემა ასე ვერ მივა“, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორია საინიციატივო ჯგუფის სამომავლო გეგმები და ძალაშია თუ არა დაანონსებული აქციები, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი სამართლებრივ ფარგლებში წარიმართება.

„დამსაქმებელს ვალდებულება აქვს, მედიატორი გამოყოს და დაიწყება მოლაპარაკებების პროცესი. თუ სოციალურ მუშაკსა და მედიატორს შორის მოლაპარაკებების პროცესი შედგება და მათ დაპირდებიან, რომ მოთხოვნები გონივრულ ვადებში დაკმაყოფილდება, პროტესტი შეწყდება, რადგან არავის არ უნდა, ვინმე დაზარალდეს“, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.