კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 55,2% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 55,2% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს

სასტუმრო „რუმს თბილისში“ სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას ეხება.

საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC), ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ინთერნეშენალ აიდიამ“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

კვლევის ავტორების განცხადებით, სოციოლოგიური კვლევა ეხება საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობას, სწავლობს მოსახლეობის ნდობას სახელმწიფო უწყებების მიმართ და განწყობას პოლიტიკური პარტიების, კორუფციის, მედიის, სოციალური სამართლიანობის, რელიგიური გაერთიანებებისა და სხვა საკითხების შესახებ.

2018 წლის 16-27 ნოემბერში თბილისსა და რეგიონებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოიკითხა. რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის პროცესში ფორმულირებული შეკითხვების მეშვეობით პირველად მოხდა მოსახლეობის განწყობის კვლევა რიგი საკითხების შესახებ, რაც მანამდე უცნობი და სრულიად ახალი ინფორმაციაა მოსახლეობის განწყობის შესახებ ზოგიერთ თემაზე.

კვლევის ავტორთა თქმით, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შეფასების დიდი კვლევის ნაწილია, რომელიც 2019 წლის გაზაფხულის ბოლოს გამოქვეყნდება. ამ გამოკითხვის გარდა, საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობა შეფასება დაეყრდნობა წინასწარ განსაზღვრული კითხვარის და 10-მდე ფოკუს ჯგუფის შედეგებს და სხვა წყაროებს. შეფასების ინსტრუმენტი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა მართლმსაჯულება, მოქალაქეობა, სამოქალაქო და სოციალური უფლებები, მედია, პოლიტიკური პარტიები, მთავრობისა და პარლამენტის მუშაობა.

ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი ქეთი ხუციშვილი აცხადებს, რომ ეს არ არის წინასაარჩევნო კვლევა.

„ჩვენ არ ვიკვლევდით თითოეული პარტიისადმი დამოკიდებულებასა და ნდობას. გვაინტერესებს ზოგადად, მოსახლეობის დამოკიდებულება პოლიტიკური კლასისადმი, რელიგიური გაერთიანებებისადმი, ადამიანის უფლებებისადმი და ადამიანის შრომის უფლებისადმი, რაც ძალიან აქტუალური გახდა. პირველად არის აქ ჩაშლილი შრომის უფლებებიდან ის თემები, რაც ყველაზე მეტად ირღვევა მოსახლეობის თვალში, იქნება ეს უსაფრთხოება, ანაზღაურების უფლება თუ ა.შ. ასევე, ჩაშლილია დამოკიდებულება ელიტური კორუფციისადმი.

რამდენიმე საინტერესო მიგნებაა, მაგალითად 55-% ზე მეტს მიაჩნია, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს პირადად მის ინტერესებს. 60%-ზე გაცილებით მეტს ჰგონია, რომ პირველ რიგში, სახელმწიფო მოხელეების ინტერესი პირადი გამდიდრება და პირადი კეთილდღეობაა. არის აგრეთვე ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი მიგნებებიც. ზოგადი კმაყოფილება სხვადასხვა ინსტიტუტებისადმი, რომელსაც ასეთი სახით არ ველოდოთ. მაგალითად, საკმაოდ მაღალია ნდობა პოლიციისადმი, არმიისადმი და ა.შ. ეს თავისთავად, კარგია“, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 55,2% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს. მხოლოდ 10%-ია პოლიტიკური პარტიების საქმიანობით სრულად კმაყოფილი, ხოლო 46,3% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო. ამასთან, 66%-ს არასდროს წაუკითხავს პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა. კითხვაზე – ხმის მიცემისას, უფრო მნიშვნელოვანია პარტიის საარჩევნო პროგრამა თუ ლიდერების ვინაობა – გამოკითხულთა 38,5% პირველს ასახელებს, ხოლო 45,8% მეორეს. კითხვაზე – რა კრიტერიუმით ირჩევენ პარტიები, ვინ წამოაყენონ კანდიდატად საპარლამენტო არჩევნებზე –  ასე პასუხობენ: არ ვიცი/უარი პასუხზე: 20,8%; პროფესიონალიზმით: 24,1%; საზოგადოებაში ცნობადობით: 17,1%; პატიოსნებით: 6,6%; პირადი კავშირების პარტიის ლიდერებთან:18,7%; ფულით: 12,4%; სხვა: 0,3%. მოსახლეობის 60,7% მიიჩნევს, რომ არჩევნებში კაცს გამარჯვების უფრო მაღალი შანსი აქვს, ვიდრე ქალს. გამოკითხულთა 17% მოუწონებდა ქალიშვილს, პოლიტიკაში წასულიყო. გამოკითხულთა 52% სრულად ეთანხმება, ხოლო 35% ეთანხმება მოსაზრებას, რომ პოლიტიკაში ადამიანები საკუთარი კეთილდღეობისთვის მიდიან.