სოსო მანჯავიძე - პირველად მოხდა, რომ მეინსტრიმულ ქართული მედიაში „სოროსის ფონდს“, ანუ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ კრიტიკულად შეეხნენ
სოსო მანჯავიძე - პირველად მოხდა, რომ მეინსტრიმულ ქართული მედიაში „სოროსის ფონდს“, ანუ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ კრიტიკულად შეეხნენ

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ გუშინ გამართულ დისკუსიას გამოეხმაურა, რომელიც ფონდის დაფინანსებით ჩატარებულ კვლევას ეხებოდა.

მანჯავიძე ფეისბუქ-სტატუსში გადაცემაში გაკეთებულ შეფასებებზე ამახვილებს ყურადღებას.

„პირველად მოხდა, რომ მეინსტრიმულ ქართული მედიაში ლიბერალიზმის წმინდა ძროხას – „სოროსის ფონდს“ ანუ ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ კრიტიკულად შეეხნენ. თან უბრალოდ კი არ შეეხნენ, გადაცემაში მოწვეულ სოროსის ფონდის ხელმძღვანელს, ისეთი მუშტრა მოუწყვეს წამყვანებმა, რომ ეს უკანასკნელი უადგილოდ იცინოდა, ჩვეულებისამებრ ცდილობდა, ყველა ჩაეხშო და მონოლოგის რეჟიმში გადაეყვანა დისკუსია, თან ვერ ელეოდა უაპელაციო ბრალდებების ჩვევას, რაც კიდევ უფრო სასაცილოს ხდიდა მას.

ეს ბრალდებები არამარტო საქართველოს მოიცავდა. ქალბატონმა ქეთევანმა არც ტრამპი და ფარაჯი დაინდო. ერთს, მისი თქმით, გაპრეზიდენტებაში რუსეთი „წაეხმარა“, ხოლო მეორემ ასევე რუსეთის დახმარებით მოახერხა ბრექსიტის მოწყობა.

ტყუილების და თავხედობების განხილვაში ნამდვილად ვერ შევალ, არც ხალისია ამისთვის და არც დრო.

შეუფასებელია ის ზიანი, რაც სოროსის მიერ დაფინანსებულმა ფონდებმა დასავლეთის იმიჯს მიაყენა საქართველოში.

კიდევ კარგად ვართ, როცა ეს გაუნათლებელი, ანგაჟირებული ადამიანები წყვეტენ ქვეყანაში, რა არის კარგი და რა – ცუდი, ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ თანამდებობაზე და ვინ-არა.

„42 პარალელი“-ს წამყვანების მიმართ გამოვხატავ ჩემს პატივისცემას. მოგიწოდებთ, უყუროთ ამ გადაცემას“, – წერს მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

საუბარია კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. კვლევის ავტორია „მედიის განვითარების ფონდი“, ხოლო დამფინანსებელი – „ღია საზოგადოების ფონდი“ (ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“). კვლევის შესახებ იხილეთ „მოამბის“ სიუჟეტი.

აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით დისკუსია საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ გაიმართა, რომლის სტუმარი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი იყო.

დატოვე კომენტარი