ქეთი ხუციშვილი - პრემიერი დღესვე უნდა გადადგეს 
ქეთი ხუციშვილი - პრემიერი დღესვე უნდა გადადგეს 

დღეს ძალიან მძიმე და სამწუხარო ფაქტი მოხდა. ფაქტობრივად ხელისუფლებამ, რომელიც ისედაც გვიჩვენებდა უკვე, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესს წარმართავდა, დღეს ომი გამოუცხადა ოპოზიციას და საქართველოს იმ ნაწილს, რომელიც ერთიანად ოპოზიციურ სპექტრს უჭერს მხარს, – ამის შესახებ „ღია საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა.

როგორც ქეთი ხუციშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ დღეს გადალახა ძალიან ბევრი წითელი ხაზი, მოხდა ძალადობრივი შევარდნა ოპოზიციის ოფისში, სადაც ყველა ოპოზიციური ლიდერი იმყოფებოდა.

„ეს იყო ვითომცდა კანონის უზენაესობის სახელით, ფაქტობრივად ძალიან მძიმე ძალადობის განხორციელება. ის მცირე დემოკრატიული მონაპოვრები, რომლებიც საქართველოს აქამდე ჰქონდა, შესაძლოა, მთლიანად დადგეს კითხვის ქვეშ. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება, ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი ორგანიზაცია, მკაცრად ვგმობთ ამ ქმედებას. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს დღეს, ხელისუფლებამ უკან უნდა დაიხიოს, რომ ეს მძიმე ფაქტი რამენაირად გამოასწოროს. პირველი, ალბათ რაც უნდა მოხდეს, ის ერთი დღის დანიშნული პრემიერი, რომელიც მხოლოდ ოპოზიციასთან ბრძოლის ტერმინებით მოვიდა და რომელსაც არ ახსოვს, რომ ქვეყანაში სხვა ძალიან ბევრი პრობლემაა, ალბათ დღესვე უნდა გადადგეს. ფაქტობრივად ის მოიყვანეს ეგზეკუტორად და უნდა წავიდეს როგორც ეგზეკუტორი. შემდეგ უნდა მოხდეს ალბათ სააპელაციო სასამართლოში სასწრაფოდ ამ საქმის განხილვა და ერთხელაც სასამართლომ გამოიჩინოს დამოუკიდებლობა და არა დამოკიდებულება მმართველ პარტიაზე, რასაც ყოველთვის აკეთებდა. ოპოზიციასაც მინდა მოვუწოდო, რომ არ წავიდნენ ესკალაციაზე. ირაკლი ღარიბაშვილი დღესვე უნდა გადადგეს. ერთად ვგმობთ ამ ფაქტს და მიგვაჩნია ძალიან მძიმე ნაბიჯად, რომელიც დემოკრატიის საწინააღმდეგოდ არის გადადგმული. კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა ვთქვა, ჩვენ აქამდე თუ ვმარჩიელობდით, ხომ არ იწყებოდა რუსეთის გავლენის ზრდა საქართველოში ბოლო წლებში, დღეს ფაქტობრივად უკვე დავრწმუნდით. მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო, დასავლეთი მოუწოდებდა ხელისუფლებას, რ წასულიყო ესკალაციაზე,  კონფრონტაციაზე და მშვიდად, თუნდაც სამართლებრივად მოეგვარებინა საქმე, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც კმაყოფილი იქნება იმით, რაც საქართველოში მოხდა, იქნება სამწუხაროდ რუსეთი. მართლაც არის დიდი საფრთხე, რომ უკვე ვადგებით ბელარუსის გზას. ეს გზა ჩვენ არ მიგვიყვანს ევროპაში, ეს გზა ჩვენ მხოლოდ რუსეთის ორბიტაზე დაგვაბრუნებს“, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.