ქეთი ციხელაშვილი - რუსეთისადმი საქართველოს პრემიერის მიმართვა არის დიდი პასუხისმგებლობით გადადგმული ნაბიჯი
ქეთი ციხელაშვილი - რუსეთისადმი საქართველოს პრემიერის მიმართვა არის დიდი პასუხისმგებლობით გადადგმული ნაბიჯი

პრემიერის განცხადება არის დიდი პასუხისმგებლობით გადადგმული ნაბიჯი, მიმართული იქით, რომ არსებული მძიმე ვითარებიდან გამოსავალი მოიძებნოს, – ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პრემიერის მიმართვას რუსეთის ხელისუფლებისადმი.

ციხელაშვილის თქმით, მძიმე ვითარება, რუსეთის ქმედებების გამო, 2008 წლიდან არის შექმნილი. როგორც მინისტრი ამბობს, სწორედ ამ მძიმე ვითარების ტრაგიკული გამოვლინებაა არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება და მისი ცხედრის გადმოსვენების დროში გაჭიანურება.

„აბსოლუტურად ყველა ბერკეტი არის ჩართული, რათა მოხერხდეს აი ამ მძიმე ვითარებიდან გამოსავლის პოვნა, ვგულისხმობ კონფლიქტის დარეგულირებას. პრემიერის ეს განცხადება გახლავთ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ღია განაცხადი, რომელიც შეიცავს კონკრეტულ გზავნილებს ეს ერთის მხრივ არის კენევის ფორმატის გააქტიურება მათ შორის უმაღლეს დონეზე ჩართულობით.

პრემიერმა პირადად ჩართულობის მზაობა გამოთქვა იმისთვის, რომ რუსეთთან არსებულ ფორმატში, საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, მოხერხდეს კონფლიქტის დარეგულირებისკენ სვლა და მეორე მხრივ, პირდაპირი დიალოგის გზით, აფხაზებთან და ოსებთან, რისი მზაობაც ჩვენ განგვიცხადებია ადრეც.

სწორედ ამას ემსახურება ეს მოწოდება, რომ მოხდეს მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოწესრიგება. ეს არის მტკიცე განაცხადი, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც არ სურს ომი და დაპირისპირება, პირიქით, სურს მშვიდობიანი განვითარება ხალხის მიერ არჩეული კურსით“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართავს, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას.