ქეთი ციხელაშვილი - მინდა, დავარწმუნო აფხაზური საზოგადოება, რომ ჩვენი ინტერესი მხოლოდ მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოხუმში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ვითარების ესკალაცია.
ციხელაშვილის თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ინტერესია მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემო და პროცესების მშვიდობიანი განვითარება.
„ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენთვის მთავარი არის და იყო, არ მომხდარიყო მოვლენების ესკალაცია, ძალადობრივ ფორმატში გადასვლა და ყველაფერს ჰქონოდა მშვიდობიანი ჩარჩო, რა თქმა უნდა, ეს არის მისასალმებელი და იმედს გამოვთქვამ, მომავალშიც განვითარებები იქნება მშვიდობიანი. მინდა, დავარწმუნო საზოგადოება და პირველ რიგში, აფხაზური საზოგადოება, ჩვენი ინტერესია სწორედ ის, რომ მოსახლეობისთვის იყოს უსაფრთხო გარემო და ყველა პროცესი იყოს მშვიდობიან ჩარჩოში“ ,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ციხელაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქართულ და აფხაზურ ურთიერთობებში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.
„ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენი შერიგების და ჩართულობის პოლიტიკა არის კონსტრუქციული. უფრო მეტიც, თვითონ ქართულ და აფხაზურ ურთიერთობებში მშვიდობას არ აქვს არანაირი ალტერნატივა. ვფიქრობ და კიდევ ერთხელ მინდა, ამას ხაზი გავუსვა, ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, არსებობს მზაობა დიალოგისა და თანამშრომლობისათვის აფხაზური საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ამისთვის არსებობს შესაბამისი ფორმები, არსებობს საკმაოდ ფართო სივრცე, თუნდაც ის, რომ ჩვენ ახალი სამშვიდობო ინიციატივით-ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, მოვნიშნეთ არაერთი სფერო ასეთი თანამშრომლობისთვის, დიალოგისთვის, როგორიც არის ვაჭრობა, განათლება და ნებისმიერი სხვა, რაც შეიძლება, მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას მოემსახუროს და პრაგმატული მიდგომებით იყოს ნაკარნახევი, რა თქმა უნდა, არის მისაღები. მეტსაც გეტყვით, რაც არ უნდა თქვას ნებისმიერმა პირმა, მათ შორის ქართულ მხარესაც კონტაქტების არ არსებობის თაობაზე, დაბეჯითებით გეუბნებით, რომ კონტაქტები არსებობს და საერთოდ ამ ბოლო პერიოდში არის მზარდი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის საჯარო. დიახ, აფხაზურ მხარესაც არის სურვილი, საჭიროება, ინტერესი და მეტიც, დროც საკმაოდ ბევრი გავიდა და ალბათ არსებული ფონიც და მოვლენებიც იძლევა შესაძლებლობას, გავაკეთოთ დასკვნა – აუცილებელია ურთიერთშემხვედრი ნაბიჯების გადადგმა სწორედ დიალოგისაკენ, თანამშრომლობისკენ და ნდობის მშენებლობისკენ. ეს არ არის სიახლე, სამწუხაროდ და საუბედუროდ, საქართველოს ორივე რეგიონში რუსეთს აქვს ექსკლუზიური გავლენაც და კონტროლიც. სწორედ რუსეთი არის კონფლიქტის მეორე მხარე და რუსეთთან ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. თუმცა იცით, რომ არც აფხაზ და არც ოს მონაწილეებთან არ ერიდება ქართული მხარე საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით საუბარს“ ,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.