ქეთევან ციხელაშვილმა ავარიისას დაშავებული ბავშვი მოინახულა 
ქეთევან ციხელაშვილმა ავარიისას დაშავებული ბავშვი მოინახულა 

ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვია მოთავსებული, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მივიდა.

12 წლის მოზარდს წყნეთში, სკოლასთან ახლოს, ავტომანქანა შეეჯახა, რომელიც ქეთევან ციხელაშვილს ემსახურებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მინისტრი ავტომობილში იმყოფებოდა.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

„ვესაუბრე მკურნალ ექიმსაც, მშობლებსაც, ბავშვსაც. ახლა ჩაუტარდა მას ყველა საჭირო გამოკვლევა, რომლითაც არ აღენიშნება რაიმე სერიოზული დაზიანება. ჩვენი სურვილიც და ექიმის რეკომენდაციაც არის, რომ ჩაუტარდეს ყველა სიღრმისეული გამოკვლევა, რომ ყველანაირი დაზიანება გამოირიცხოს”, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

„სიჩქარის გადაჭარბებას და მოძრაობის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე ვერ ვისაუბრებ. საჭიროა გამოძიება. მძღოლი გამოძიებაში მონაწილეობს”, – ქეთევან ციხელაშვილმა.