ქეთევან ციხელაშვილმა ჟენევის მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენელთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაში ყოფნის საკითხი განიხილა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს, ენდრიუ შოფერს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდიც ესწრებოდა, განხილვის მთავარი თემა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაში ყოფნა და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობა იყო.
მათივე ცნობით, დიდი დრო დაეთმო ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვით გამოწვეულ პრობლემებს.
„სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ახალგორსა და ზოგადად, ცხინვალის რეგიონში შექმნილი მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ. მიმოიხილეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომავალ რაუნდსაც შეეხნენ, რომელიც 10-11 დეკემბერს გაიმართება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეორე სამუშაო ჯგუფში განსახილველ ჰუმანიტარულ საკითხებზე. ხაზგასმით აღინიშნა ჰუმანიტარული და პოლიტიკური თემების გამიჯვნის აუცილებლობა. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმდინარეობა განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს განხორციელებული სამუშაო და დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო“ , – ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, რასაც ექიმი არ აღიარებს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.