ქეთევან ციხელაშვილმა და ტოვიო კლაარმა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისა და ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის საკითხები განიხილეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადი განსახილველი საკითხები ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება და მისი უპირობოდ გათავისუფლების, ასევე ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა იყო.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობა არაერთი არხით მიმდინარეობს, მათ შორის, პროცესში ჩართული არიან პარტნიორები.
„ტოივო კლაარი რამდენიმე დღის წინ ცხინვალში იმყოფებოდა, ამაზე დეტალური საუბარი გვქონდა. თუმცა, ეს ერთადერთი საკითხი არ იყო. ასევე ვისაუბრეთ ახალგორის მიმართულებით ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვაზე, რაც ძალიან კრიტიკული ჰუმანიტარული თემა გახლავთ და რაც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
საქართველოს ხელისუფლებისა და პარტნიორებისთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს, რა თქმა უნდა, ექიმის გათავისუფლება წარმოადგენს და ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა არც ერთი წუთით არ დუნდება. ძალიან რთულ და კომპლექსურ გარემოში ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავარი ამოცანაა, დაკავებული ექიმი გათავისუფლდეს. ეს ერთ-ერთი მძიმე შემთხვევაა იმ უკანონო დაკავებების სერიებს შორის, რომელთაც ეს რეჟიმი წლების განმავლობაში ახორციელებს,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ძალისხმევასაც, რომელსაც ევროკავშირი და მისი სპეციალური წარმომადგენელი დაკავებული ექიმის გათავისუფლებისა და ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის მისაღწევად გააგრძელებს.