ქეთევან ციხელაშვილმა და ნინო ვიბლიანმა ბავშვთა დაცვის დღე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მრავალშვილიან ოჯახებს მიულოცეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ნინო ვიბლიანთან და ზუგდიდის მერთან, გიორგი შენგელიასთან ერთად, გამყოფ ხაზთან სოფელ ხურჩასა და ორსანტიაში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა.
მინისტრმა ოჯახებს პირველი ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.
საერთო ჯამში, რეგიონში სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების კალათები ზუგდიდის, წალენჯიხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ 272 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა. პროექტი საფრანგეთის საელჩოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
„ვაგრძელებთ კამპანიას გამყოფი ხაზების მიმდებარედ სოფლებში, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს. დღეს რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს ვესტუმრეთ ხურჩასა და ორსანტიაში. იმ ბავშვებს, ისევე როგორც თითოეულ ბავშვს საქართველოში, გამყოფი ხაზის აქეთ თუ იქით მხარეს, ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. მთავარი, რაც უნდა ვისურვოთ ჩვენი შვილებისთვის არის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და მშვიდობა, რომელიც აუცილებლად დადგება ამ სოფლებში, როდესაც მახინჯი დაბრკოლებები, მავთულხლართები და ღობეები გაქრება მშვიდობიანად. ჩვენ ამ კამპანიის ფარგლებში ახლა სამ მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ზუგდიდში, წალენჯიხასა და მესტიაში, 272 ოჯახს დავეხმარეთ. მადლობა მინდა გადავუხადო გაერო-ს ბავშვთა ფონდს, ასევე საფრანგეთის საელჩოს, რომელიც დაგვეხმარა ამ დახმარების ორგანიზებაში. ეს არის ჰუმანიტარული პაკეტები პროდუქტების და ჰიგიენური საშუალებების, რომლებიც ამ ოჯახებს გარკვეული პერიოდით მოამარაგებს, მაგრამ დღეს ჩვენი აქ ყოფნით უფრო მნიშვნელოვანია იმ მხარდაჭერის გამოხატვა, რასაც სახელმწიფო ახორციელებდა და აუცილებლად განახორციელებს მომავალშიც. იცით, რომ არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს სწორედ გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებაზე და ბავშვები, მრავალშვილიანი ოჯახები რა თქმა უნდა ჩვენთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.