ქეთევან ციხელაშვილმა ბიზნეს სექტორს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარუდგინა
სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ბიზნეს სექტორს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარუდგინა. ღონისძიების თანაორგანიზატორი აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაა.
შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა გახსნეს.
ღონისძიების მიზანი ბიზნეს სექტორისთვის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის (რომლებიც ეწევიან ბიზნეს-საქმიანობას) ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აფხაზეთის ა/რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა.
ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოებასა და გამარტივებას ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; განათლების მისაღებად დამატებითი შესაძლებლობების შექმნას და წვდომის გამარტივებას განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; ისეთი მექანიზმის შექმნას, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა (უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო სივრცე).
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია. ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ (IHK), საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან საპარტნიორო პროექტის ფარგლებში.