ქეთევან ციხელაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დასრულდეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების მახინჯი პრაქტიკა
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის, ჩვენი თანამოქალაქეები რაც შეიძლება მალე იყვნენ გათავისუფლებული, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
„ამაში ჩართული გახლავთ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. სამწუხაროდ და საუბედუროდ, კვლავ გრძელდება უკანონო პრაქტიკა, უკვე 10 წელია გრძელდება ჩვენი თანამოქალაქეების უკანონო დაკავება. თქვენ იცით, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქე დააკავეს. ერთ შემთხვევაში მოხერხდა სასულიერო პირების გათავისუფლება დაუყოვნებლივ. რაც შეეხება ჩვენს ორ თანამოქალაქეს, რომლებიც კვლავ რჩებიან უკანონო პატიმრობაში ცხინვალის იზოლატორში, მათთან დაკავშირებით ჩართული გახლავთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით ოპერირებადი ცხელი ხაზი და ამოცანა გახლავთ ის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მათი გათავისუფლება“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევაში ამოქმედდება ხოლმე.
„ცხადია, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის, ჩვენი თანამოქალაქეები რაც შეიძლება მალე იყვნენ გათავისუფლებული. კიდეც ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი შემთხვევები უქმნის კიდევ უფრო მეტ პრობლემას მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ჩვენი ტერიტორიის ოკუპირებულ მხარეს და ამას ადასტურებს ის სტატისტიკა, რომელსაც პერიოდულად აქვეყნებს რუსული მხარე. ეს არის ყველას წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა ტრიბუნიდან, ყველა მექანიზმის გამოყენებით დასრულდეს ეს მახინჯი პრაქტიკა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.