ქეთევან ციხელაშვილი - ვრჩებით კონსტრუქციული შეხვედრების ერთგული, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადგილზე უსაფრთხო გარემოს შექმნა
ჩვენ ვრჩებით კონსტრუქციული შეხვედრების ერთგული, როგორც ყოველთვის, რადგან ჩვენთვის თითოეული ნაბიჯით ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადგილზე უსაფრთხო გარემოს შექმნა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ტექნიკური შეხვედრა, რომელიც დღეს სოფელ ჩორჩანაში გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების ყველა წევრისთვის გახლავთ ის, რომ შეთანხმდა კონკრეტული ნაბიჯები სიტუაციის დესკალაციისთვის, რაც ჩვენი მთავარი ამოცანა იყო. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის ინტერესი გამყოფი ხაზის ორივე მხარეს იქნება გათვალისწინებული. შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა. მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა გრძელდება უკვე მომდევნო კვირას შესაბამის ტექნიკურ ფორმატში ერგნეთში. ჩვენ ვრჩებით კონსტრუქციული შეხვედრების ერთგული, როგორც ყოველთვის, რადგან ჩვენთვის თითოეული ნაბიჯით ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადგილზე უსაფრთხოების გარემოს შექმნა, მათ შორის იგივე პოლიციის საგუშაგოთი და მოსახლეობისთვის გამყოფი ხაზების როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრის თქმით, სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს მდებარეობის შეცვლა არ იგეგმება და არც მისი დაშლის გეგმა არსებობს.
„ბლოკპოსტის ადგილმდებარეობის შეცვლა არ იგეგმება. ჩვენ ამასთან დაკავშირებით განვაცხადეთ საკმაოდ მკაფიო პოზიცია. დღეს ამაზე არ ყოფილა საუბარი და შესაბამისად, არანაირი გეგმა არ არსებობს ბლოკპოსტის დაშლის. ეს არ იყო დღის წესრიგის მთავარი საკითხი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისასალმებელია, მოხდა იმის გაცნობიერება, რომ არავის ინტერესში არ არის დაძაბულობის ესკალაცია. გამოვთქვამ იმედს, რომ ეს შეთანხმება პირნათლად იქნება დაცული“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.