ქეთევან ციხელაშვილი - ვისურვებდი, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერები არ იყოს არც მოლდოვაში, არც უკრაინასა და არც საქართველოში
ქეთევან ციხელაშვილი - ვისურვებდი, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერები არ იყოს არც მოლდოვაში, არც უკრაინასა და არც საქართველოში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მოლდოვას ვიცე-პრემიერთან და უკრაინელ კოლეგასთან ერთად უსაფრთხოების ზონაში, არაღიარებული დნესტრისპირეთის ე.წ. სასაზღვრო პუნქტთან იმყოფებოდა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო მინისტრი ვითარებას ადგილზე გაეცნო. მან საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პრობლემებს შორის პარალელი გაავლო და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი სამეზობლოში რუსეთის პოლიტიკის მიზნებს ცხადად წარმოაჩენს.

„ჩვენ უკან დნესტრისპირეთია. ე.წ. მარცხენა ნაპირი, რომელზეც დღეს ჩვენი მეგობარი სახელმწიფო მოლდოვა კონტროლს ვერ ახორციელებს, რადგან ის რუსეთის კონტროლის ქვეშ არის. დღეს მოლდოვას ვიცე-პრემიერთან და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან ერთად განვიხილეთ საერთო პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აქვთ და რაც რუსეთის დესტრუქციული დაშორიშორებისა და დაყოფილ პოლიტიკაში გამოიხატება. ვისაუბრეთ მშვიდობიან გზებზე, რითაც ეს ხელოვნური გამყოფი ხაზები აუცილებლად უნდა დაიშალოს.

„ეს არის ის საერთო პოლიტიკა, რაც რუსეთს სამეზობლოში აქვს – ხალხის, სოფლების დაყოფა. აქაც არიან მეზობლები, ნათესავები, რომელთაც ცხოვრება იმის გამო ურთულდებათ, რომ მოძრაობა შეზღუდულია. ვისურვებდი, რომ ამ ადგილას ძალიან მალე შეგვძლებოდეს ვიზიტი ისე, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერები არ იყოს არც მოლდოვაში, არც უკრაინასა და არც საქართველოში, სადაც დღეს ხელოვნური დაშორიშორების ხაზები ათასობით ოჯახს პრობლემას უქმნის. დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკას გრძელვადიანად პერსპექტივა არ გააჩნია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.