ქეთევან ციხელაშვილი - ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ძალისხმევა არც ერთი წუთით არ მოდუნდება, ჩვენ არ შევეგუებით მის უკანონო ტყვეობას
ქეთევან ციხელაშვილი - ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ძალისხმევა არც ერთი წუთით არ მოდუნდება, ჩვენ არ შევეგუებით მის უკანონო ტყვეობას

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს სოლიდარობას კიდევ ერთხელ უცხადებს.

მინისტრის თქმით, მთელი ცივილიზებული მსოფლიო, საერთაშორისო თანამეგობრობა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება და ამ პროცესში  უპრეცედენტო ძალისხმევის მონაწილეა.

„კიდევ ერთხელ, სოლიდარობა ბატონ ვაჟას, სოლიდარობა მის ოჯახს! ფაქტობრივად, მთელი ცივილზებული მსოფლიო, საერთაშორისო თანამეგობრობა მათი და ყველა ჩვენგანის თანაზიარია იმ მოთხოვნასა და უპრეცედენტო ძალისხმევაში, რაც მის გათავისუფლებას უკავშირდება. საოკუპაციო რეჟიმი მისი უკანონო ტყვეობით და გათავისუფლების გაჭიანურებით საკუთარ სახეს მთელი სისრულით აჩვენებს. ამით კი მის და ყველა ჩვენგანის გამძლეობას ცდის, ისევე როგორც ყველა იმ უკანონო ზომით, რითაც ასობით ადამიანს ყოველდღიურ პრობლემას უქმნის, როგორც დღეს, ფაქტობრივად, დატყვევებულ მთელს ახალგორის რაიონს. არავინ აპირებს ოკუპაციასთან შეგუებას. არც ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობასთან. დღეს ვალდებული ვართ, მისი გათავისუფილების ინტერესით ვიხელმძღვანელოთ. ახლა ეს არის უპირატესი ამოცანა“ ,- დაწერა ქეთევან ციხელაშვილმა სოციალურ ქსელში.

მისივე აზრით, საკითხის პოლიტიზირება და ამ თემით მანიპულირება მიუღებელია.

„დაუშვებლია ამ საკითხის პოლიტიზირება და ამით მანიპულირება, მათ შორის, თავად ოჯახის ნებისა და საერთოდ, საღი აზრისა და ელემენტარული ადამიანური პრინციპების საპირისპიროდ. ამ პრინციპსა და ოჯახის ამ სამართლიან სურვილს, რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ. მისი გათავისუფლებისთვის მაქსიმალური ძალისხმევა არც ერთი წუთით არ მოდუნდება, ვიდრე ის ოჯახს არ დაუბრუნდება“ ,- აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.

ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს.

ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.