ქეთევან ციხელაშვილი - სრული მზაობა გვაქვს, გავაფართოოთ დიალოგი აფხაზური საზოგადოების ყველა დონეზე
სრული მზაობა გვაქვს, გავაფართოოთ დიალოგი აფხაზური საზოგადოების ყველა დონეზე, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ოკუპაციის პირობებში წლიდან წლამდე იზრდება დამოკიდებულების, იზოლაციის ხარისხი და მძიმდება მოსახლეობის პრობლემები.
„არაერთხელ გაგვიცხადებია და დღეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ სრული მზაობა გვაქვს, გავაფართოოთ დიალოგი აფხაზური საზოგადოების ყველა დონეზე. არსებობს შესაბამისი ფორმები და დღეს, როცა ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან 11 წელი გავიდა, ვფიქრობ, ამის საჭიროება კიდევ უფრო მაღალია. აშკარად ვხედავთ, რომ ეს თარიღი იქცა არათუ დამოუკიდებლობის, არამედ რუსეთზე დამოკიდებულების ათვლის წერტილად. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ოკუპაციის პირობებში, წლიდან წლამდე იზრდება დამოკიდებულების, იზოლაციის ხარისხი და მძიმდება მოსახლეობის პრობლემები – უსაფრთხოებით დაწყებული, ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური პრობლემებით, განათლების ხარისხის დაბალი დონითა და ზოგადად, მომავლის პერსპექტივის ფაქტობრივი არქონით დასრულებული.
ამიტომ დღეს, როდესაც ნამდვილად გვაქვს ხელშესახები შედეგები ჩართულობის, შერიგების მიმართულებით, რადგან კონტაქტები ძალიან გაზრდილია, კიდევ უფრო მაღალია ინტერესი, პირდაპირი დაბრკოლებებით რომ არ ეშლებოდეს ხელი. ჩვენთვის აშკარაა, რომ საჭიროა კიდევ უფრო გავაფართოოთ კომუნიკაციის არხები თანამშრომლობის, საერთო ინტერესების გარშემო და დიალოგი მშვიდობაზე. ამაში ვგულისხმობ კონკრეტულ ინიციატივებსაც, რომლებიც ვაჭრობას, განათლებას, ჯანდაცვას დ ა.შ. უკავშირდება. ასევე იმას, როგორ უნდა ავაწყოთ ჩვენ მომავალი უკეთესი პერსპექტივებით“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.