ქეთევან ციხელაშვილი - რუსული პროპაგანდა არის მძლავრად დაფინანსებული მანქანა, რომელმაც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში შეაღწია
სამი ჟურნალისტი, რომლებსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული, საქართველოს ტერიტორიაზე ვერ შემოვიდნენ, ეს იყო შსს-ს მიერ მიღებული ძალიან ადეკვატური ზომა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ჟურნალისტების ვიზიტი არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურასთან არ ყოფილა შეთანხმებული, ამიტომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
გარდა ამისა, ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოში და არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცდილობს, გამოიყენოს სხვადასხვა ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტი, რაც სიახლე არ არის.
„საქართველოს 20% რუსეთს ოკუპირებული აქვს და ახორციელებს ძალისმიერ პოლიტიკას. ძალიან ძნელია აქ პრორუსული სენტიმენტების გენერირება. არ ვგულისხმობ კონკრეტულ რეგიონებს, ვგულისხმობ მთლიანად ქართულ საზოგადოებას.
ჩვენ ძალიან მაღალი ყურადღებით არა მხოლოდ ვაკვირდებით, არამედ ვსწავლობთ. ყველაზე კარგი ფორმა და ფორმულა ამასთან გამკლავების არის ობიექტური ინფორმაციის გავრცელება. ამაზე უკეთესი ფორმულა არც დასავლეთ ევროპის ქვეყნებს მოუფიქრებიათ. სამწუხაროდ, რუსული პროპაგანდა არის მძლავრად დაფინანსებული მანქანა, რომელმაც შეაღწია ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში. 10 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ წამყვან დემოკრატიებში შეიძლება განხილვის თემა ყოფილიყო რუსეთის შესაძლო ჩარევა შიდა პროცესებში, დღეს ეს არის მოცემულობა.
ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ამ თემებზე ვფიქრობთ, ვმუშაობთ. ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება საფრთხეების განეიტრალება და აქტიური ნაბიჯების გადადგმა. ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და კანონდარღვევებზე გვაქვს ადეკვატური პასუხი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო, თბილისში დაგეგმილი ფორუმის მონაწილეების ნაწილს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა.
პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ რუსეთის დელეგაციის სამი წევრი ქვეყანაში არ შემოუშვეს.
პირველი არხის ინფორმაციით, საზღვრიდან უკან გააბრუნეს „იტარტასის“ სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის წევრი გენადი ბოდრიუგოვი და ფორუმის კიდევ ერთი მონაწილე ალექსეი ტოკარევი.
5-7 სექტემბერს საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული „სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო კონფერენცია“ იმართება.