ქეთევან ციხელაშვილი - ქართულ მხარეს ობიექტური ექსპერტიზისა და სათანადო გამოძიების ჩატარების შესაძლებლობა აქვს
ქეთევან ციხელაშვილი - ქართულ მხარეს ობიექტური ექსპერტიზისა და სათანადო გამოძიების ჩატარების შესაძლებლობა აქვს

ქართულ მხარეს შესაძლებლობა აქვს, ობიექტური ექსპერტიზა ჩაატაროს და ამ ტრაგიკულ ფაქტზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს, რაც ძალიან მაღალი პრიორიტეტია, –  – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისი თქმით, დე ფაქტო მთავრობის მიერ გადმოცემული დოკუმენტები, სავარაუდოდ, რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებს შეიცავს. როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, დოკუმენტაციას შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით გაეცნობიან.

მინისტრის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დათვალიერება ადგილზე არ მომხდარა, მას ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდება და ამის შემდეგ იქნება გადასვენებული ოჯახში, წილკანში. 

„ამ მძიმე წუთებში უმნიშვნელოვანესია, ოჯახს შვილის დატირების საშუალება მიეცეს. ვითარება დღეს განსაკუთრებით მძიმეა და სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არჩილ ტატუნაშვილისთვის პატივის მიგების შესაძლებლობა ჰქონდეს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია, რომ პარტნიორების ჩართულობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები ამოქმედდეს.