ქეთევან ციხელაშვილი - პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა ვიზიტი გზავნილია რუსეთის მიმართაც, რომ ხისტი დაყოფისა და დაშორიშორების პოლიტიკას წარმატება ვერ ექნება
რუსული აგრესიიდან 10 წლისთავზე საქართველოში პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტი არის გზავნილი, რომ ჩვენ მარტო არ ვართ, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ასევე გზავნილია რუსეთის მიმართაც, რომ ხისტი დაყოფისა და დაშორიშორების პოლიტიკა წარმატებული ვერ იქნება.
„ვმონაწილეობდი დღეს გამართულ მრგვალ მაგიდაში, რათა პარტნიორებისთვის კიდევ ერთხელ გადაგვეხადა მადლობა მხარდაჭერისთვის, რომ რუსული აგრესიიდან 10 წლის თავზე და საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაციის პირობებში ისინი ჩვენთან არიან. ეს არის გზავნილი რუსეთის მიმართაც, რომ ამ ხისტი დაყოფისა და დაშორიშორების პოლიტიკას ვერ ექნება წარმატება და არ იქნება მიღებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ასევე, აღნიშნული არის გზავნილი საქართველოს მიმართ, რომ მარტო არ ვართ და სამშვიდობო ძალისხმევაში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
საქართველოს უკრაინის ვიცე-პრემიერი პავლო როზენკო, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი სტუმრობენ. მაღალი რანგის სტუმრების მონაწილეობით დღეს თბილისში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ გაიმართა.