შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობის მცხოვრებლების ნაწილს სახელმწიფო კანცელარიაში შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, პანკისელებმა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის ინტენსიურობის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის, ისლამ გორგიშვილის განცხადებით, მათ სახელმწიფო მინისტრისგან მიიღეს პირობა, რომ ყველა რეკომენდაცია, რომელიც ადგილობრივებს აქვთ, გათვალისწინებული იქნება.
,,იმ პროცესების შემდეგ, რაც მოხდა ხეობაში, ეს პირველი ნაბიჯი იყო, რომელიც გადაიდგა მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით და ასევე, სხვა ბევრი სასიკეთო საქმისთვის. იმედი გვაქვს და მივიღეთ პირობა, რომ ეს ყველაფერი შემდგომშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ისლამ გორგიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ხეობის მცხოვრებლებთან საუბრისას ხაზგასმით მან აღნიშნა, რომ მზადაა, ნებისმიერ საკითხზე ისაუბროს, რომელიც პანკისელებს აწუხებთ.
,,ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული შეხვედრა იყო. გამოითქვა მზაობა ჩვენი მხრიდან, მათი მხრიდან დიალოგზე, კომუნიკაციაზე, სრულ გახსნილობაზე, რომ განვიხილოთ პანკისის ხეობის მოსახლეობისათვის აქტუალური ყველა თემა.
მზად ვარ, ჩავიდე ხეობაში და ყველას შევხვდე. გავაგრძელო ამით ის პრაქტიკა, რომელიც გვქონდა ხეობაში და ხეობის მოსახლეობასთან. დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები ასევე იყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ადრეც შევხვედრივარ. არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც განსაკუთრებით აინტერესებთ ახალგაზრდებს, არის ბევრი თემა, რომელიც აინტერესებთ პედაგოგებსა და მოსწავლეებს. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა უხუცესებთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კომუნიკაციით მოსახლეობა მთლიანად მოვიცვათ. ალბათ თარიღი და ფორმატი ზუსტად განისაზღვრება. ვფიქრობ, რომ ყველა საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია სწორედ ამ რეჟიმში – დიალოგისა და კომუნიკაციის გზით. ამას არ გააჩნია არანაირი ალტერნატივა და ბუნებრივია, ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი, პანკისის ხეობის ინტერესი. ეს ბუნებრივია, იგივეა, რაც სახელმწიფო ინტერესი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პანკისის ხეობის მცხოვრებლების ნაწილი სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე საქართველოს საპატრიარქოდან მივიდა, სადაც ისინი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდნენ.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებმა პატრიარქთან გამოთქვეს ძალიან დიდი წუხილი იმ ინციდენტის გამო, რაც მოხდა.
თავის მხრივ, პანკისის ხეობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პატრიარქთან შეხვედრაზე თავიანთი შეცდომები აღიარეს და დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია გამოძიების შეწყვეტის აუცილებლობასთან დაკავშირებით.