ქეთევან ციხელაშვილი - მნიშვნელოვანია, საერთო სამშვიდობო ძალისხმევამ გამოიღოს შედეგი და მაღალი რანგის სტუმრებს მავთულხლართების გარეშე ვუმასპინძლოთ
ქეთევან ციხელაშვილი - მნიშვნელოვანია, საერთო სამშვიდობო ძალისხმევამ გამოიღოს შედეგი და მაღალი რანგის სტუმრებს მავთულხლართების გარეშე ვუმასპინძლოთ

მნიშვნელოვანია, საერთო სამშვიდობო ძალისხმევამ გამოიღოს შედეგი და მაღალი რანგის სტუმრებს მავთულხლართების გარეშე ვუმასპინძლოთ, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავზე მეგობარი ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრების თბილისში დაგეგმილ ვიზიტებზე საუბრისას განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ეს ვიზიტები მკაფიო გამოხატულებაა, რომ მარტო არ ვართ განგრძობადი რუსული ოკუპაციის წინაშე.

„ჩვენი პარტნიორების ვიზიტი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღზე არის ცალსახად მკაფიოდ გამოხატულება იმისა, რომ მარტო არ ვართ განსაცდელის წინაშე, რასაც განგრძობადი რუსული ოკუპაცია ქვია. ეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძალიან მკაფიო მხარდაჭერაა და არის გზავნილი რუსეთისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ სრულიად მიუღებელია ძალისმიერი პოლიტიკით, წლების განმავლობაში მავთულხლართებითა და ტანკებით მეზობელი სახელმწიფოების საზღვრების შეცვლის მცდელობა“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე ჩანს, რომ არსებული მდგომარეობა არც ქართველების, არც ოსებისა და არც აფხაზების ინტერესებს ემსახურება.

„ერთი დასკვნა, რომელიც უნდა გავაკეთოთ აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე არის ის, რომ ამ ომს ჩვენი საზოგადოებების სახით გამარჯვებული არ ჰყავს – არც ქართველების, არც ოსებისა და არც აფხაზების ინტერესებს არ ემსახურება დღეს არსებული მდგომარეობა. ამის დასამტკიცებლად უამრავი რამ შემიძლია, გითხრათ – დაკავებების სტატისტიკა, ადამიანების უფლებების უხეში ხელყოფა. აფხაზეთში განსაკუთრებით აღიქმება რუსიფიკაცია, როგორც საფრთხე, საფრთხე მათი იდენტობისთვის. ჩვენი ამოცანაა, პარტნიორებთან ერთად, ამ მნიშვნელოვანი ვიზიტის დროსაც გადავდგათ კიდევ უფრო აქტიური და დინამიკური ნაბიჯები სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მეგობრების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ სამშვიდობო პროცესის წახალისებისთვის, ეს არის აუცილებელი პირობა რეგიონში, საქართველოში და მთლიანად, ევროპაში მდგრადი სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. ეს არის გრძელი, რთული გზა, მაგრამ აუცილებელია, ამ გზაზე ნაბიჯები გადაიდგას“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობას არა მხოლოდ სურვილი, არამედ ძალიან მკაფიო გეგმა აქვს – სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

„ინიციატივამ მიიღო დიდი მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მათ შორის იმ ქვეყნების მხრიდან, რომელთა მინისტრებიც აქ ჩამობრძანდებიან და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ მხარდაჭერის განგრძობადობა, რათა საერთო სამშვიდობო ძალისხმევამ გამოიღოს შედეგი და მომავალში ამ ადამიანებს აგვისტოში ვუმასპინძლოთ უკვე მავთულხლართების გარეშე“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

6-7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე, თბილისს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლინას ანტანას ლინკევიჩუსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო ეწვევიან.