ქეთევან ციხელაშვილი - მახინჯი ბარიკადი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის შუაგულშია აღმართული, ბოლო სანტიმეტრამდე უნდა დაიშალოს
მახინჯი ბარიკადი, რომელიც დღეს ჰყოფს ხალხს და აღმართულია საქართველოს ტერიტორიის შუაგულში, ბოლო სანტიმეტრამდე უნდა დაიშალოს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მინისტრი გამოეხმაურა რუსი სამხედროების მიერ სოფელ ატოცთან მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესს.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, ეს არის 2008 წელს დაწყებული სავალალო პროცესის მახინჯი ფორმით გაგრძელება – საოკუპაციო ხაზის შემოღობვა სხვადასხვა ბარიკადებით, რაც პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული.
„ბოლო პერიოდში, უკვე ძალიან თამამად, ყოველგვარი მორიდების გარეშე, ღიად აცხადებენ, რომ ფაქტობრივად იმ ადამიანების 80-90%, რომლებსაც ეს მავთულხლართები და საოკუპაციო რეჟიმი აკავებს დღეს ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ძირითადად ისინი არიან ეთნიკური ოსები, რომლებსაც სჭირდებათ გადაადგილება და ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რამდენად უმნიშვნელოა საოკუპაციო რეჟიმისთვის ადამიანი, ადამიანის ინტერესები, მათი უფლებები, რამდენად არ აქვს მნიშვნელობა მათთვის, ვინ იქნება ქართველი, აფხაზი თუ ოსი. მას აქვს ერთი სამხედრო და როგორც თავად ფიქრობენ, სტრატეგიული და პოლიტიკური ინტერესი.
აქვე იკითხება ის კონტექსტიც, რომ დღეს წინასაარჩევნო გარემოში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შექმნან და მორიგი პროვოკაცია განახორციელონ, რომ მეტი ზეწოლა მოახდინონ მოსახლეობაზე. რუსეთი ასეთი პროვოკაციებით ვერ მიაღწევს იმ შედეგს, რომელიც სურს.
ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება ამ კონკრეტულ ფაქტზე უკვე მიცემულია და ძალისხმევა მიმართულია, რომ შეჩერდეს მახინჯი მავთულხლართებისა და ბარიკადების მშენებლობა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სუს-ის ინფორმაციით, სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი.