ქეთევან ციხელაშვილი - ხვალ ჩვენ ვიქნებით მავთულხლართების გასწვრივ სოფლებში
ხვალ ჩვენ ვიქნებით მავთულხლართების გასწვრივ სოფლებში, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავზე მეგობარი ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრების თბილისში დაგეგმილ ვიზიტებზე საუბრისას განაცხადა.
„პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ამ ათი წლის განმავლობაში მივიღეთ, არის ის, რომ მუდმივი პროვოკაციების პირობებში, მშვიდობის შენარჩუნება შევძელით. ეს რა თქმა უნდა პირობითი ნათქვამია, სანამ ჩვენი მოსახლეობის უფლებები ირღვევა და ისეთი მძიმე ტრაგედია ხდება, როგორიც არის არჩილ ტატუნაშვილის ან გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფა. მაგრამ, თავიდან ავიცილეთ დაძაბულობის მასშტაბური ესკალაცია – მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ბევრი პატარა ნაბიჯიც გადაიდგა, განსაკუთრებით, ჩართულობის მიმართულებით.
სხვადასხვა ინსტრუმენტითა და მექანიზმით წლების განმავლობაში ჩვენს მოსახლეობას ვეხმარებით ოკუპირებულ ტერიტრიაზე, ეს არ არის საჯარო პოლიტიკის ნაწილი, ამას სამწუხაროდ ვერ ვახმოვანებთ, რადგანაც მგრძნობიარე თემაა.
არის თუ არა ეს ის ვითარება, რომელსაც შეგვიძლია, რაიმენაირად შევეგუეთ – რა თქმა უნდა არა, რადგანაც ეს არის ყოველდღიური ძალიან მძიმე გამოწვევა და ტვირთი ადამიანებისთვის“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა უნდა იქცეს კაპიტალად, რომელიც კონტაქტებისა და ნდობის მშენებლობის პროექტებში ჩაიდება.
„ჩვენ გვაქვს სტრატეგია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც არის ჩართულობისა და შერიგების სტრატეგია. ხვალ ჩვენ ვიქნებით მავთულხლართების გასწვრივ სოფლებში, ვაპირებთ, რომ მავთულხლართების პირისპირ მცხოვრებ მოსახლეობას დავეხმაროთ და საერთოდ, ახალ ეტაპზე ავიყვანოთ პროგრამა, რომელიც ოთხი წელია, ხორციელდება. ვაპირებთ, რომ ამ რეგიონების განვითარებას ძალიან სერიოზულად მივყოთ ხელი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ვაქციოთ კაპიტალად, მათ შორის, რომელიც ჩაიდება სწორედ ხალხთა შორის კონტაქტებისა და ნდობის მშენებლობის პროექტებში, რადგანაც ეს არის ძალიან სწორი ინვესტიცია მშვიდობასა და სტაბილურობაში“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
6-7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე, თბილისს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლინას ანტანას ლინკევიჩუსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო ეწვევიან.