ქეთევან ციხელაშვილი - იმედი მაქვს, რომ ყველა ადამიანს, ვინც დღემდე ეძებს დაკარგულ ახლობელს, ექნება პასუხი, რა ბედი ეწია მას
იმედი მაქვს, მუშაობა გაგრძელდება და ყველა იმ პირს, ვინც დღემდე ეძებს დაკარგულ ახლობელს, ექნება პასუხი თუ სად არის ის, რა ბედი ეწია და ტრაგიკული დასასრულის შემთხვევაში, ექნება თუ არა შესაძლებლობა, ჰქონდეს ახლობლის საფლავი, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა 2008 წლის ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მოქალაქის ნეშტის გადმოცემაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით უკვე მეცხრე წელია მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ მიაკვლიონ უგზოუკვლოდ დაკარგულ პირებს და მოხდეს მათი იდენტიფიცირება.
„ამჯერად, სამმხრივი კომისიის ფარგლებში, რომელიც ასევე წითელი ჯვრის ეგიდით ფუნქციონირებს, ასევე მასში ჩართული არიან ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები, მოიძიეს სამარხი, რომელიც მდებარეობს სოფელ თამარაშენის მიმდებარედ, ამ ეტაპისთვის იდენტიფიცირებულია შვიდი ნეშტი და დღეს მათი ცხედრები ოჯახებს გადაეცათ. ძალიან დიდი მნიშვნელობის პროცესია. რა თქმა უნდა, ეს მტკივნეულია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდ ტრაგედიაზე, ტკივილზე რომელიც არ ნელდება, მაგრამ ოჯახებისთვის იმის ცოდნა, თუ სად არიან მათი ახლობლები დასაფლავებული, ძალიან მნიშვნელოვანია.
მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც პროცესშია ჩართული. იმედი მაქვს, მუშაობა გაგრძელდება და ყველა იმ პირს, ვინც დღემდე ეძებს დაკარგულ ახლობელს, ექნება პასუხი, თუ სად არის, რა ბედი ეწიათ და ტრაგიკული დასასრულის შემთხვევაში, ექნებათ თუ არა შესაძლებლობა, ჰქონდეთ ახლობლის საფლავი,” – განაცხადა ციხელაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ ოჯახებს გადაეცა.