ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორნიორნ იაგლანდს შეხვდა
ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორნიორნ იაგლანდს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი დღეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორნიორნ იაგლანდს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტებს. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებული გალის რაიონში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საკითხზე.

„ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება გაურკვეველ ვითარებაში და უკანონო პატიმრობა არის ის მძიმე და ყველაზე ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც ბოლო პერიოდში გვქონდა. ვისაუბრეთ წლის დასაწყისიდან ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით მოძრაობის ფაქტობრივად სრულ ჩაკეტვაზე, რამაც ძალიან შეუშალა ხელი მოსახლეობას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები დაეკმაყოფილებინათ. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ზოგადად მზარდია წნეხი ოკუპაციის პირობებში, განსაკუთრებით ცხინვალის მცხოვრებ მოსახლეობაზე. გალში მცხოვრები ქართველებისა და ახალგორში მცხოვრები ქართველების მიმართ კიდევ უფრო მეტი დისკრიმინაციული ზომები ტარდება და ამ ვითარებაში აუცილებელია საერთაშორისო ყურადღების მობილიზება“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სამშვიდობო ინიციატივასაც. როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, გენერალურმა მდივანმა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” დადებითად შეაფასა და განხორციელების გეგმითაც დაინტერესდა.

„ვისაუბრეთ განხორციელების გეგმაზე. აღვნიშნეთ, რომ განხორციელების გეგმის ფინალურ ეტაპზე ვართ. ძალიან მალე სრულად განხორციელებადი გახდება ეს მასიური და კომპლექსური ინიციატივა და იქნება მეტი შესაძლებლობა ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრებთათვის, რომ გაიუმჯობესონ ის მძიმე მდგომარეობა, რაშიც განგრძობადი რუსული ოკუპაციის გამო იმყოფებიან“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.