ქეთევან ციხელაშვილი - დღევანდელი ნაბიჯი დასტურია, რომ პროკურატურას გარკვეული შედეგები უკვე აქვს არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიების გზაზე
არჩილ ტატუნაშვილის საქმე ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალპრიორიტეტულია როგორც სამართალდამცველებისა და პროკურატურისთვის, ისე თითოეული ჩვენგანისათვის, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
„პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორ პირს ბრალი აქვს წარდგენილი ჯგუფურად წამებაში დახმარებისათვის, ამ მძიმე დანაშაულში მონაწილეობისათვის. თუმცა, გამოძიება ისევ გრძელდება სხვა პასუხისმგებელი პირების გამოკვეთისთვის. ამ პირებს უკვე დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი. ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანია და მაღალპრიორიტეტული როგორც სამართალდამცველებისთვის, ისე პროკურატურისა და თითოეული ჩვენგანისათვის. დღევანდელი ნაბიჯი დასტურია იმისა, რომ პროკურატურას გარკვეული შედეგები უკვე აქვს გამოძიების გზაზე. ეს რთული პროცესია, რადგან ჩვენ არ გვიწევს სტანდარტულ პირობებში მუშაობა. ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია, მაგრამ ეს გამოძიება გაგრძელდება“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.