ქეთევან ციხელაშვილი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების თანამშრომლებს, საქართველოს ექვსი რეგიონის სამოქალაქო აქტივისტებს, არასამთავრობოებისა და მედიის წარმომადგენლებს დისტანციურად შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელების თანამშრომლებსა და საქართველოს ექვსი რეგიონიდან სამოქალაქო აქტივისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს დისტანციურად შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციაზე ქეთევან ციხელაშვილმა მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა კორონავირუსის დაძლევა/პრევენციის მიზნით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და მიმდინარე ღონისძიებებსა თუ საინფორმაციო კამპანიებზე.
„გვქონდა საინტერესო ვიდეოშეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან, მათ წარმომადგენლებთან საქართველოს ფაქტობრივად ყველა რეგიონიდან, ვისაუბრეთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობაზე „კოვიდ-19“-თან გამკლავების პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. შედგა ძალიან პროდუქტიული გაცვლა-გამოცვლა აზრებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები, მოსახლეობის, განსაკუთრებით იმ აქტივისტების ინფორმირება, რომლებიც თავად არიან ჩართულნი რეგიონებში და არიან ინფორმაციის გამავრცელებლები, აზრის ჩამომყალიბებლები. თავისთავად დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, რა თქმა უნდა, ძალიან უწყობს ხელს სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადად ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.