ქეთევან ციხელაშვილი დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებას პროვოკაციას უწოდებს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკლესიაში მისვლის ხელის შეშლის თაობაზე პროვოკაციას უწოდებს.
„წლების განმავლობაში უკვე ჩვენი მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ყოველთვის გახლავთ ხოლმე ჰუმანიტარული წვდომა. ზოგადად, რა თქმა უნდა გადაადგილების თავისუფლება, მაგრამ განსაკუთრებით ისეთ პერიოდში, ისეთ დღესასწულებზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის წარმოადგენს განსაკუთრებულ სიწმინდეს. გიორგობა დღეს ეკლესიის მონახულებისთვის ხელის შეშლა თავისთავად არის ძალიან სერიოზული პროვოკაცია. კომუნიკაცია გვქონდა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანლობასთან იმის თაობაზე, რომ ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არანაირი პროცოკაცია ვერ და არ დაიგეგმებოდა ქართული მხარის მიერ, მაგრამ იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ტრადიციულად აქვს სურვილი, უფლება და უნდა, რომ ეწვიოს ეკლესიას და წმინდა დღესასწაულზე დაანთოს სანთელი, ასე აღნიშნოს გიორგობა. მათ უნდა ჰქონდეთ წვდომის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხელის შემშლელი მოქმედება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ კანონს, სამართალს, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მრევლის სოფელ აძვისთავში გადასვლის სურვილს გუშინ მიტროპოლიტი ანდრია გამოეხმაურა.
„გავრცელდა განცხადება ცხინვალის ადმინისტრაციის მიერ, თითქოს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები კონფლიქტის განვითარების პროვოცირებას ახდენენ. მოვდიოდით ქალებთან და ბავშვებთან ერთად სასულიერო პირები და რა უნდა ჩაითვალოს პროვოცირებად, ჩემთვის უცნაურია. იმედი გვაქვს, მომავალ წლებში ყველანი ერთად მივალთ აძვისთავის ტაძარში და აქაურებიც და იქაურებიც ერთად ვიზეიმებთ გიორგობის დღესასწაულს“, – განაცხადა მეუფე ანდრიამ.
დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. ოკუპირებული ცხინვალი საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ დაუშვებენ რელიგიური ღონისძიებების ჩატარებას და „საზღვრის კვეთის ყველა მცდელობა იქნება აღკვეთილი“.
საოკუპაციო რეჟიმის გაფრთხილებისა და გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ე.წ. საზღვართან კონტროლის გაძლიერების შემდეგ, ატენისა და გორის მიტროპოლიტის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ სოფელ აძვისთავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურება წელს არ ჩატარდა. სოფელ აძვისთავის ნაცვლად, ატენისა და გორის მიტროპოლიტმა პარაკლისი სოფელ აძვში მდებარე სამების ტაძარში ჩაატარა.