შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამუშაო ვიზიტით ბერლინში იმყოფება, სადაც პარტნიორებს ხვდება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა ბუნდესტაგის სხვადასხვა პარტიის დეპუტატებთან, ფედერალური კანცლერის ბიუროსა და სხვადასხვა ფონდში გამართა შეხვედრები. მან პარტნიორებს მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაუსვა ამ თანადგომის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში.
ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრებს ნაყოფიერი უწოდა და განაცხადა, რომ თითოეულ მათგანზე განხილვის ძირითადი თემა იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია – უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.
„ასევე განვიხილეთ ის სამშვიდობო გეგმები და ინიციატივები, რომლებიც საქართველოს მთავრობას გააჩნია. მათ შორის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც წელს პარლამენტის მიერ იქნა დამტკიცებული და რომლის იმპლემენტაციაც ახლა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენი პარტნიორების, განსაკუთრებით კი გერმანიის დახმარება მისი განხორციელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გერმანიაში ყველაზე კარგად ესმით, რას ნიშნავს მოსახლეობის ხელოვნურად დაშორიშორება. ქალაქში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, უზარმაზარი კედელი იყო აშენებული და ის, რაც ამ ქალაქში მოხდა, აუცილებლად მოხდება საქართველოშიც – ასეთი კედლები დაიშლება. იქამდე კი, ვიდრე ეს შედეგი იქნება მიღწეული, ბუნებრივია, უნდა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც გადაუჭრელი კონფლიქტის სიმძიმეს ყოველდღიურად განიცდიან. „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, ჩვენი პარტნიორების აზრით, არის მოქმედებების ის კონკრეტული სამშვიდობო რუკა, რომელსაც მზად არიან, განხორციელების ფაზაზეც დაუჭირონ მხარი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი გერმანიის დედაქალაქში გრძელდება. ხვალ ქეთევან ციხელაშვილი შეხვედრებს გერმანიის საგარეო უწყებაში გამართავს.