ქეთევან ციხელაშვილი - არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე სახელმწიფოთშორის სარჩელზე მუშაობა მიმდინარეობს
ქეთევან ციხელაშვილი - არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე სახელმწიფოთშორის სარჩელზე მუშაობა მიმდინარეობს

სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს სახელმწიფო განსაკუთრებით მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება. ამ სარჩელს სჭირდება შესაბამისი მომზადება, რითაც დაკავებულია იუსტიციის სამინისტრო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეს ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს, მათ შორის სამართლებრივი ფორმით.

„სახელმწიფოთშორის სარჩელზე უშუალოდ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. ამაზე განცხადება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომაც და ამაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ძალიან ადრეულ ფაზაზე, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ველოდებოდით არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას, რომელიც 26 დღის განმავლობაში გაჭიანურდა. პირველივე შეფასებებიდან ცხადია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად ამ დიდ ტრაგედიაზე გახლავთ, პირველ რიგში, სწორედ რუსეთის ფედერაციის“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

რაც შეეხება ტატუნაშვილის ოჯახის წევრების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ იმ შემთხვევაში თუ გამოძიება არ წარიმართება სათანადოდ გამოძიება, შესაძლოა, მათ მიმართონ სტრასბურგს საქართველოს წინააღმდეგ, ციხელაშვილი განმარტავს: „როდესაც ხდება კერძო სარჩელების მომზადება, როგორც წესი, პოზიტიური ვალდებულება იმ სახელმწიფოსაც ეკისრება, რომელიც ვერ ახორციელებს ამ შემთხვევაში კონტროლს, რადგან ეს არის ჩვენი ტერიტორია დე იურე, თუმცა იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ ეს ტერიტორიები დე ფაქტო გახლავთ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული, ცხადია, ეს პასუხისმგებლობა რეალურად ვრცელდება სწორედ რუსეთის ფედერაციაზე“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პროცესში თავიდანვე ჩართული იყო ოჯახის წარმომადგენელი.

„რაც შეეხება ცხედრის ექსპერტიზას, ეს ექსპერტიზა ახლა მიმდინარეობს. პირველივე საათებში, როდესაც წითელი ჯვრის მეშვეობით ქართულმა მხარემ მიიღო არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, რამდენიმე საათში და ძალიან მალე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ყველა საჭირო პროცედურა, რაც შემდგომ უკვე ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის არის მნიშვნელოვანი და მას ესწრებოდა ასევე დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც იყო სწორედ ოჯახის მიერ ნდობით აღჭურვილი პირი და ყველა ეს ინფორმაცია, რაც ადგილზე ხდებოდა, მათ შორის ექსპერტების პირველადი შეფასებები, ცხადია, ოჯახისთვის თავიდანვე გახდა ცნობილი. მე ექსპერტიზის ნაცვლად ვერაფრით გავაკეთებ ახლა დასკვნას. ფაქტია, რაც ამ ეტაპზე უკვე გამოკვეთილია, რომ არჩილ ტატუნაშვილის მიმართ მოხდა ძალის გამოყენება, პირველ რიგში, მოხდა მისი უკანონო დაკავება, მის მიმართ ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას ადგილი, რამაც განაპირობა მისი გარდაცვალება, მისი სიცოცხლის ხელყოფა და შემდგომ უკვე ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურება. ეს უკვე არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ ამ ტრაგიკულ ფაქტს მივცეთ შეფასება“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.