ქეთევან ციხელაშვილი - აქტიური ნაბიჯების გადადგმა არის მნიშვნელოვანი, რათა ოკუპაციის პროცესი შევაჩეროთ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურება გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მკაფიოა და ემსახურება იმას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ოკუპაცია, შეასრულოს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.
„ვხედავთ, რომ არის ძალიან მკაფიო გამოხმაურებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმ დროს, როდესაც რეალურად რუსეთი კვლავ განაგრძობს უკანონო ოკუპაციის გამოვლინებას, ვგულისხმობ მახინჯი ბარიკადების მშენებლობას გუგუტიანთკარში. ერთის მხრივ ამით ახდენს დემონსტრირებას, რომ მისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის აზრს არ გააჩნია დიდი მნიშვნელობა. ჩვენთვის დიპლომატიური ძალისხმევის არ მოდუნება და ძალიან აქტიური ნაბიჯების გადადგმა არის მნიშვნელოვანი გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა არა მხოლოდ ეს ეპიზოდი, არამედ ზოგადად ოკუპაციის პროცესი შევაჩეროთ“, – აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი.
მისი თქმით ახლა მთავარი ამოცანაა, ზუსტად იქნას გააზრებული, რომ რუსეთი საქართველოში სასოწარკვეთილების განცდის შექმნას ცდილობს და ამას ქვეყანამ სიმტკიცით უნდა უპასუხოს.
“წლების განმავლობაში ღია ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ, ამჯერადაც აგვისტოს თვე როგორც ჩანს, რუსეთისთვის ის თვეა, როდესაც ფიქრობს, რომ მოდუნებულია საერთაშორისო ყურადღება, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ასე არ არის. ვხედავთ, რომ არის უკანონო დაკავებები, არის გადაადგილების შეზღუდვის სხვადახხვა ეპიზოდები, იგივე დროებით ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა და ა.შ. რუსეთი აამოქმედებს ყველა იმ ინსტრუმენტს, რაც ხელთ აქვს, უკვე ვიცით რა ინსტრუმენტებია ეს მიმდინარე ოკუპაციის პირობებში“, -აღნიშნა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და ამავდროულად, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, ტოივო კლაარი ეწვევა, რომელიც სავარაუდოდ სიტუაციას ადგილზეც გაეცნობა.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, განგრძობადი ოკუპაციის საკითხი 29 აგვისტოს ჩანიშნულ ინცინდენტების მართვისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზეც დაისმება.