ქეთევან ციხელაშვილი - ახალგორში ბავშვებს თვეზე მეტია, მშობლებთან კომუნიკაციისა და სასწავლო პროცესში ჩართვის საშუალება არ აქვთ
ახალგორში ბავშვებს თვეზე მეტია, მშობლებთან კომუნიკაციისა და სასწავლო პროცესში ჩართვის საშუალება არ აქვთ, – ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარესთან, ჯიჰან სულთანოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა იყო, რის შედეგადაც გადაადგილება უკვე თვეზე მეტია, შეზღუდულია.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს არის ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც დღეს დღის წესრიგშია და რომელიც უამრავ ადამიანს ეხება.
„მინდა, კიდევ ერთხელ გავისვა ხაზი, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა სრულ იზოლაციას ნიშნავს არა მხოლოდ ახალგორის რაიონის, არამედ მთლიანად ცხინვალის რეგიონის. ათასობით ადამიანისათვის შეზღუდული გადაადგილების ყოველი დღე დამატებითი პრობლემაა. მათ არ აქვთ წვდომა გარკვეულ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, რომლებიც ყოველდღიურად სჭირდებათ. პატარა ბავშვები არიან ახალგორში, რომელთაც თვეზე მეტია, მშობლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვთ, რომ აღარაფერი ვთქვათ სასწავლო პროცესში ჩართვაზე. ეს აბსოლუტურად მიუღებელი და უკანონო ზომაა.
ცხადია, ჩვენი პარტნიორები ყველა ძალისხმევას იყენებენ, რათა მიმოსვლა აღდგეს. საბოლოო ჯამში კი, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, რომ ზოგადად გადაადგილების თავისუფლება უზრუნველყოფილი იქნას და ჩვენ მოქალაქეებს ასე ვანდალურად არ აკავებდნენ ხელოვნური ბარიკადების გადაკვეთის მცდელობისას. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმღები პირი ადამიანების წინაშე ვალდებულია, მიმოსვლა გაიხსნას და ადამიანებს სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა მიეცეთ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, გაერო-ს ორგანიზაციების ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში.
„მომავალში ჩვენი საერთო სტრატეგია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა იქნება, რადგან ეს არის ერთადერთი პასუხი, რაც შეიძლება დღეს ამ ძალისმიერ ჩაკეტვისა და იზოლაციის პოლიტიკას დავუპირისპიროთ“, – დასძინა ქეთევან ციხელაშვილმა.