ქეთევან ციხელაშვილი - აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში აცნობიერებენ, რომ რუსულ სივრცეში მათ შეწოვას ცდილობენ 
ქეთევან ციხელაშვილი - აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში აცნობიერებენ, რომ რუსულ სივრცეში მათ შეწოვას ცდილობენ 

დღეს, რუსიფიკაციის ფონზე, საფრთხის ქვეშ დგას აფხაზებისა და ოსების იდენტობა, რომელიც მათთვის და ნებისმიერი ხალხისთვის ძვირფასია. ამიტომ, ბუნებრივია, ამ საზოგადოებებში გარკვეული პროტესტი არსებობს და გამოსავლის ძიების მცდელობებია, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„წლების განმავლობაში, გარკვეულწილად, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში აცნობიერებენ, რომ მიმდინარე პროცესები, რომელსაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში ეჯახებიან, არა მხოლოდ ყოფით დონეზე ქმნის სირთულეს, არამედ ფაქტობრივად, მათი რუსულ სივრცეში შეწოვის მცდელობაა“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა განსხვავება ქართულ–აფხაზურ და ქართულ–ოსურ სახალხო დიპლომატიებს შორის და არის თუ არა ამ მხრივ ოსებთან უფრო მეტი სირთულე, ქეთევან ციხელაშვილმა თქვა, რომ სურათი ცოტათი ნამდვილად განსხვავებულია.

„გარკვეული არხები ორივე მიმართულებით არის, მაგრამ სახალხო დიპლომატიის კუთხით, აფხაზეთის მიმართულებით მეტი აქტივობაა. თუ ოსური მხარის მიერვე გამოქვეყნებულ ე.წ. საბიუჯეტო პარამეტრებს შევხედავთ, ცხინვალის რეგიონი 95%–ით პირდაპირ რუსულ დოტაციაზეა დამოკიდებული, აფხაზეთში კი, ცოტა განსხვავებული სურათია. თუ რატომ და რანაირად, ამ თემაზე სიღრმისეულად საუბარი აქ ალბათ, რთულია, მაგრამ ამ თემის კიდევ უფრო გაშლა შესაძლებელია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.