ქეთევან ციხელაშვილი - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის იდენტიფიცირების ახალი, ნეიტრალური შესაძლებლობა შეიქმნება
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის იდენტიფიცირების ახალი, ნეიტრალური შესაძლებლობა შეიქმნება, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს წარმოდგენილ ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
„სამშვიდობო ინიციატივის მესამე მნიშვნელოვანი მიმართულება სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობაა, რაც იქმნება ჩვენი განვითარების პროცესში, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა მომსახურებაზე წვდომისთვის, ამ ორი რეგიონის მცხოვრებთათვის იდენტიფიცირების ახალი, ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნა, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან.
გათვალისწინებულია ასევე, დაინტერესებული პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, ასევე ცალკეული სამოქალაქო ფაქტების, კერძოდ კი დაბადების, გარდაცვალების, ქორწინებისა და განქორწინების, ასევე ლეგიტიმურად ცხოვრების ფაქტების დადგენის გამარტივება.
აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები მოქალაქეების იდენტიფიცირებისთვის ახალი ნეიტრალური მექანიზმი არ უკავშირდება მოქალაქეობას და ასევე, არ მოიცავს მოქალაქეობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებსა და უფლებებს.
ეს არის პირადი ნომრით რეგისტრაციის შესაძლებლობა. პირის იდენტიფიცირების პროცედურის და მისი იდენტობის დადგენისთვის მის ბიომეტრიულ მონაცემთან ერთად, კერძოდ მის ფოტოსთან ერთად იდენტობის დადგენისთვის შესაძლებელია, განხილული იყოს მის ხელთ არსებული დოკუმენტები.
პირადი ნომრით რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ პირის იდენტიფიცირებისა და შემდგომში გარკვეულ სერვისებზე წვდომის გახსნისთვის.
ეს ისეთ სერვისებზე უხსნის წვდომას, როგორიც არის მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია, გადამხდელად რეგისტრაცია, საგადასახადო შეღავათები, გრანტის მიღება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სარგებლობით დაინტერესებული პირებისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის გამარტივება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.
„თითოეული ეს მიმართულება ძალიან ბევრ სიახლეს მოიცავს, მათ შორის, სტატუს ნეიტრალურ ინსტრუმენტებსაც და ამასთან, უკვე არსებული პრაქტიკის მსგავსად, სტატუს ნეიტრალური ინსტრუმენტების გამოყენება არ ნიშნავს სტატუს ინდიფერენტულობას, ან სტატუსის საკითხის გადახედვას რამენაირად, არამედ კონკრეტული ჰუმანიტარული ამოცანისას საკითხის დეპოლიტიზაციას, მისი გადაჭრის მიზნით, სტატუსის თემასთან შეხების გარეშე.
ეს ყველაფერი ხორციელდება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მყარად მხარდაჭერილი საქართველოს სამშვიდობო და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, პარლამენტს გადაეგზავნება ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მოიცავს 9 საკანონმდებლო ცვლილების პროექტს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.