ქეთევან ციხელაშვილი - ძალისხმევა გრძელდება, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს
კვლავ გაჭიანურდა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება, რასაც არანაირი წინაპირობა არ შეიძლება ჰქონდეს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აბსოლუტურად უპრეცედენტო ძალისხმევაა გაწეული და გრძელდება, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს.
„მე არც ე.წ. სასამართლოს და არც ე.წ. გადაწყვეტილებების განხილვაში არ შევალ. ფაქტია, რომ გაჭიანურდა კვლავ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება, რასაც არანაირი წინაპირობა არ შეიძლება ჰქონდეს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საუბედუროდ საოკუპაციო რეჟიმის სახეს, დამოკიდებულებას ადამიანების და ჰუმანიტარული საკითხების მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, ცალსახად არის მათი პასუხისმგებლობა.
აბსოლუტურად უპრეცედენტო ძალისხმევაა გაწეული და გრძელდება იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი იქნას გათავისუფლებული. მინდა მის ოჯახს და ჩვენს მთელ საზოგადოებას, რომელიც არის სრულად ჩართული, რა თქმა უნდა, ასევე, პირველ რიგში, ბატონ ვაჟას, ვუსურვო გამძლეობა ამ უსამართლო ბრძოლაში, უსამართლობასთან, ერთადერთი სამართლიანი შედეგისთვის, რაც არის მისი თავისუფლება“, – განაცხადა ციხელაშვილმა, რომლის კომენტარსაც სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.