ქართველმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში ხომალდ „ბელატრიქსის“ ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს [ვიდეო]
ქართველმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში ხომალდ „ბელატრიქსის“ (BELLATRIX) ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს. ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო ოპერაცია ქართველი მეზღვაურების მონაწილეობით განხორციელდა. ცეცხლმოკიდებული გემიდან მათ მოახერხეს ეკიპაჟის უკლებლივ ყველა წევრის უვნებლად გადაყვანა თავიანთ გემზე, პანამის დროშის ქვეშ მცურავ მშრალ ტვირთმზიდზე „არიფე“ (ARIFE). აღნიშნულ გემზე საქართველოს ექვსი მოქალაქეა დასაქმებული.
ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სამაშველო ოპერაციაში მონაწილე მესამე რანგის კაპიტანმა, გიორგი თუშმალიშვილმა მიაწოდა. მისი განცხადებით, გადარჩენილ მეზღვაურებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები.
გიორგი თუშმანიშვილის ინფორმაციით, გადარჩენილ მეზღვაურებს იტალიის ერთ-ერთ პორტში გადაიყვანენ. რაც შეეხებათ ქართველ მეზღვაურებს, ისინი არ დაშავებულან და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.