საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გაბონში გატაცებული მეზღვაურები საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გაბონში გატაცებული მეზღვაურები საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან

2 მაისს გაბონში გატაცებული მეზღვაურები სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან, – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.

„ქართველი მეზღვაურები მეკობრეების ტყვეობიდან გაათავისუფლეს. 2 მაისს გაბონში გატაცებული მეზღვაურები უკვე ნიგერიაში არიან და სამედიცინო შემოწმებას გადიან. პირველადი მონაცემებით, ორივე მეზღვაური თავს კარგად გრძნობს და რამდენიმე დღეში სამშობლოში დაბრუნდებიან.

მეკობრეებმა ცენტრალურ აფრიკაში, გაბონის ტერიტორიული წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან საქართველოს მოქალაქე ორი მეზღვაური გაიტაცეს.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მადლობას უხდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, ნიუ-იორკის შტატში და სინგაპურში საქართველოს გენერალურ საკონსულოებს, ასევე გემთმფლობელ კომპანიას და ყველა ჩართულ მხარეს, რომელთა ერთობლივი მუშაობის შედეგად წარმატებით განხორციელდა მეზღვაურების უსაფრთხო გამოხსნა ტყვეობიდან.

განსაკუთრებით ვულოცავთ და მადლობას ვუხდით მეზღვაურთა ოჯახის წევრებს გამოჩენილი გამძლეობისათვის“, – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციაში.