„უკრაინსკაია პრავდა“  - ოდესაში მომიტინგეებთან მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა, რომელიც ამბობს,  რომ საპროტესტო აქციის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული 
„უკრაინსკაია პრავდა“  - ოდესაში მომიტინგეებთან მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა, რომელიც ამბობს,  რომ საპროტესტო აქციის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული 

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეზღვაურებთან მივიდა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად კიევი-ოდესის ავტომაგისტრალი გადაკეტეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, ოდესაში მეზღვაურები საზღვაო სფეროს სპეციალისტების სერტიფიცირებისა და დიპლომირების პროცესში კორუფციას აპროტესტებდნენ. ისინი ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მეზღვაურების ელექტრონული ტესტირების სისტემის შემოღებას ითხოვენ.

დემონსტრანტების განცხადებით, სერტიფიცირებისას მეზღვაურებს ჩინოსნებისთვის სამიდან 15 ათასამდე დოლარის ჯიბეში ჩადება უწევთ. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რომ მომიტინგეებთან კიევიდან მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა, რომლის თქმითაც, საპროტესტო აქციის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული.

„მე წინასწარ ვიყავი გაფრთხილებული ამ პროტესტის შესახებ. გუშინ, ღამის ორ საათამდე ვმუშაობდით ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მივიღეთ დაპირება, რომ უახლოეს საათებში და დღეებში ხელი მოეწერება განკარგულებას, რომელიც გააუქმებს ნორმებს, რომელიც სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, მეზღვაურები გაძარცვონ. ტრასის გახსნისა და პრობლემის გადასაწყვეტად, მე პირადად გავემგზავრე საპროტესტო აქციაზე და გავაცანი მეზღვაურებს ჩვენი მოლაპარაკებების შედეგები. ახლა ბურთი სამინისტროს მხარეზეა და ვიმედოვნებ, რომ შესრულდება დაპირება, რომელიც მათ მისცეს 100 ათასზე მეტ მეზღვაურსა და მათი ოჯახების წევრებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

 

დატოვე კომენტარი