ქართველმა მეცნიერმა ზაალ კოკაიამ და მისმა კოლეგებმა ინსულტით დაზიანებული ვირთაგვას ტვინის აღდგენა შეძლეს
მეცნიერებმა კანის უჯრედებიდან მიღებული ტვინის ქერქის ნერვული უჯრედები ვირთაგვის ინსულტით დაზიანებულ ტვინში გადანერგეს, რის შემდეგაც, მღრღნელებს მოტორული ფუნქცია ნაწილობრივ აღუდგათ და ეს უჯრედები სრულად ინტეგრირდა დაზიანებულ ნერვულ რკალში. ცნობილ ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში დაბეჭდილი კვლევა შვედეთში მომუშავე ქართველი მეცნიერის, ზაალ კოკაიას ლაბორატორიაშია შესრულებული.
„გადანერგვიდან 6 თვის შემდეგ ჩვენ დავინახეთ, როგორ აღადგინა ახალმა უჯრედებმა ინსულტგადატანილი ვირთაგვას ტვინის დაზიანება“, — ამბობს ზაალ კოკაია, რომელმაც კვლევა პროფესორ ოლე ლინდვოლთან და პოსტდოქტორანტ სარა პალმა-ტორტოსასთან ერთად ჩაატარა.
შვედეთის ქალაქ ლუნდში მომუშავე მკვლევართა ჯგუფმა წინა კვლევებშიც აჩვენა, რომ ადამიანის ღეროვანი და რეპროგრამებული უჯრედებიდან მიღებული ნეირონების გადანერგვა ინსულტგადატანილ ვირთაგვებში სავსებით შესაძლებელია. თუმცა, წინა კვლევებში არ იყო აღწერილი, შეეძლო თუ არა გადანერგილ უჯრედებს ინსულტიანი ვირთაგვას ტვინში ახალი კავშირების დამყარება და აქედან გამომდინარე, ნორმალური მოტორული და მგრძნობელობითი ფუნქციების აღდგენა.
„უამრავი მეთოდის გამოყენებით, მათ შორის ელექტრონული მიკროსკოპითა და ცოფის ვირუსზე დაფუძნებული მოლეკულური მეთოდებით, ჩვენ გადანერგილ უჯრედებს დავაკვირდით და ვაჩვენეთ, რომ ისინი დაზიანებულ ნერვულ რკალებში წარმატებით ინტეგრირდა. გარდა ამისა, ჩვენ ისიც დავინახეთ, რომ გადანერგილმა უჯერედებმა კავშირი დაამყარეს ტვინის მეორე ნახევარსფეროს ნეირონებთან, სადაც არც ერთი უჯრედი არ გადაგვინერგავს. მსგავსი მონაცემები აქამდე არავის გამოუქვეყნებია“, — ამბობს ზაალ კოკაია, რომელიც, იმის მიუხედავად, რომ თავის კოლეგებთან ერთად ტვინს რამდენიმე ათლწულია იკვლევს, შედეგებით გაოცებულია.
მკვლევრებმა ლაბორატორიაში ადამიანის კანის უჯრედები ტვინის უჯრედებად გარდაქმნეს, შემდეგ კი ვირთაგვების ტვინის ქერქში გადანერგეს. ეს კი ტვინის ის რეგიონია, რომელიც ინსულტის შემდეგ ყველაზე ხშირად ზიანდება.
„ჩვენი მიზანია გავიგოთ, როგორ გავლენას ახდენს გადანერგილი უჯრედები ტვინის მეორე ნახევარსფეროზე. ასევე გვსურს, უკეთ დავაკვირდეთ, გადანერგვა როგორ მოქმედებს კოგნიტურ ფუნქციებზე, როგორიცაა, მაგალითად, მეხსიერება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანაირ გვერდით ეფექტსაც შევისწავლით. უჯრედების გადანერგვის კლინიკურად გამოყენების უპირველესი მოთხოვნა ეფექტიანობა და უსაფრთხოებაა“, — ამბობს ზაალ კოკაია.
ზაალ კოკაია ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორია 2011 წლიდან, ასევე არის ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი, ღეროვანი უჯრედების და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ღეროვანი უჯრედების და რეგენერაციული მედიცინის „StemTherapy-ს“ სტრატეგიული კვლევითი პროგრამის კოორდინატორი.
ზაალ კოკაიას კვლევის მთავარი თემა არის ტვინის ინსულტი და იმ გზების კვლევა, რაც საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ ღეროვანი და რეპროგრამირებული უჯრედები დაზიანებული ტვინის ფუნქციის აღსადგენად. ინსულტის გადატანის შემდეგ, პაციენტების მოტორული და მგრძნობელობის აღსადგენი ერთადერთი საშუალება ჯერჯერობით მხოლოდ ვარჯიშია.
ქართველმა მეცნიერმა შვედეთის ტვინის ფონდთან მიცემულ 2017 წლის ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ღეროვანი და რეპროგრამირებული უჯრედების კლინიკაში გამოყენების მიმართ ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ამ მიდგომას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა.
„ჩვენ ვიცით, რომ ღეროვან უჯრედებს დიდი პოტენციალი აქვთ, პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ შესწევთ უნარი ჩაანაცვლონ დაზიანებული უჯრედები. ამასთან, ისინი გამოიმუშავებენ სხვადასხვა ნივთიერებებს და ფაქტორებს, რომლებიც ღეროვანი უჯრედების გარემომცველ, ინსულტის შემდეგ გადარჩენილ ნერვულ უჯრედებს საშუალებას აძლევს, უკეთესად იმუშაოს და უფრო ეფექტურად წარმართოს რეგენერაცია და აღდგენითი პროცესები“, — აღნიშნავს ზაალ კოკაია.