ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე არსებულ ქართულ ეკლესიაში ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნეს
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საშობაო ლიტურგია ბატალიონის კაპელანმა, მამა გიორგი წერეთელმა აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა. ღვთისმსახურებას ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით წვეულებაც გამართეს. მე-12 ბატალიონის მეთაურმა მიწვეული სტუმრებისთვის საქართველოს ისტორიის, კულტურისა და თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია გამართა. მოგვიანებით, სტუმრებმა ქართველი სამხედროების მიერ მომზადებული ქართული ტრადიციული კერძებიც დააგემოვნეს.
მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.