ქართველი და უცხოელი სპეციალისტები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებს განიხილავენ
თბილისში, ორდღიან კონფერენციაზე აზიური ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებს განიხილავენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული და ქართველი მეცნიერები.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მიმართა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ ცოდნაზე, რომელიც ქართველ სპეციალისტებს აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით ბოლო ორ წელიწადში დაუგროვდათ და დღეს უკვე შესაძლებელია როგორც გაიზიარონ, ასევე გაუზიარონ გამოცდილება უცხოელ კოლეგებს.
გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგოდ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების მიუხედავად, აზიური ფაროსანა კვლავაც რჩება გამოწვევად და სახელმწიფო ბრძოლის ღონისძიებებს, სტრატეგიის შესაბამისად, მომავალ წელსაც გააგრძელებს. აგრეთვე ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება თხილის ხარისხისა და მოსავლიანობის გაზრდა იქნება.
კონფერენციის ფარგლებში ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთისა და მეზობელი ქვეყნების სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები მავნებელთან ბრძოლის ქიმიურ და ბიოლოგიურ მეთოდებზე მსჯელობენ.
კონფერენციას ესწრება პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი, რომელიც მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და სტრატეგიის შემუშავებაში 2016 წლიდან არის ჩართული.
კონფერენცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თხილის სექტორის განვითრების პროექტის – USAID/GHIP მხარდაჭერით იმართება.