ქართველები NBA-ის დრაფტებზე - სტეფანიადან ბითაძემდე [ვიდეო] #1TVSPORT
ქართველები NBA-ის დრაფტებზე - სტეფანიადან ბითაძემდე [ვიდეო] #1TVSPORT

30 ივლისს, თბილისის დროით დილის 4 საათზე ნიუ იორკის „ბარკლაი სენთერში“ NBA-ის დრაფტი გაიმართება. შესაძლოა, ეს დრაფტი ქართველებისთვის ისტორიული აღმოჩნდეს – წარდგენილია ორი ჩვენიანი სანდრო მამუკელაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი.

რომელი გუნდი ვის აირჩევს და რა ნომრად, დღეს რთული სათქმელია, წინასწარ მხოლოდ ვარაუდებისა და სურვილების გამოთქმა შეიძლება. თუმცა ქართველი კალათბურთელებისთვის NBA-ის დრაფტი სულაც არ არის უცხო ხილი.

ორი წლის წინ, 2019 წლის NBA-ის დრაფტზე „ინდიანა პეისერსმა“ მე-18 ნომრად გოგა ბითაძე აირჩია. იგი მეექვსე ქართველი გახდა, ვინც ოდესმე დრაფტზე აუყვანიათ. ხუთმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ითამაშა.

სწორედ თამაშია მთავარი, თორემ დრაფტი ლატარეაა, ან გაგიმართლებს ან არა.

საქმე მართლაც გამართლებაში რომ არის, ვლადიმერ სტეფანიას, ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიას, ნიკა ცქიტიშვილისა და ვიქტორ სანიკიძის შემთხვევებიც მოწმობს.

მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს თითოეული მათგანის სადრაფტო ემოციის გახსენება და შედეგი.

1998 წელი
ვლადიმირ სტეფანია – სიეტლი
დრაფტის 27-ე ნომერი

ვოვა პირველი ქართველი და ერთ-ერთი პირველი ევროპელი იყო, ვინც დრაფტზე აურჩევიათ. პირველ წრეში რომ აგიყვანენ, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ წლების შემდეგ აი, რას ყვება სტეფანია:

– ევროპაში უკვე ბევრი რამ მქონდა გაკეთებული. ევროლიგის ნახევარფინალშიც ვითამაშე და ევროლიგის „ოლ სტარშიც“. რაც მთავარია, „ოლიმპიაში“ სულაც არ ვიყავი მეორეხარისხოვანი კალათბურთელი. ასე რომ, ვერ ვიტყვი, ამერიკაში წასვლა ვიჩქარე-მეთქი. უბრალოდ, მოვხვდი იქ, სადაც არ უნდა მოვხვედრილიყავი. მაშინ არ იყო იმდენი ინფორმაცია, რაც ახლაა. არც ის ვიცოდი, რომელი გუნდი როგორ ზრუნავდა კალათბურთელებზე და მათ პროგრესზე… დღეს შემიძლია ვთქვა, რომ არ გამიმართლა – ამიყვანა „სიეტლ სუპერსონიქსმა“, რომელშიც ასეთი დახარისხება იყო: 7 მთავარი კაცი და დანარჩენები. გარი პეიტონში და კიდევ ექვს ვარსკვლავში სიეტლელები დიდ ფულს იხდიდნენ და სერიოზულ ყურადღებასაც აქცევდნენ, დანარჩენებს მოგვცემდნენ ბურთს და ხუთი-ხუთზე ითამაშეთო.

შედეგი

– ვარჯიში, ფაქტობრივად, არ გვქონდა. როდესაც ახალგაზრდა ხარ, აუცილებელია ამა თუ იმ კომპონენტზე ბევრი მუშაობა, თამაშის გაუმჯობესება. ამის საშუალება კი „სიეტლში“ არ გვქონდა. ინდივიდუალურ ვარჯიშებს ვინ ჩიოდა, ტრავმა რომ მიგეღო, გეუბნებოდნენ – გაუძელიო. სიმართლე გითხრათ, სწორედ „სონიქსში“ მიღებულმა ტრავმამ იმოქმედა ჩემს კარიერაზე უარყოფითად. ნაადრევად მომიწია კალათბურთის მოედნიდან გასვლამ.
სტეფანიამ სიეტლის შემდეგ „ნიუ ჯერსიში“ ითამაშა, შემდეგ იყო „მაიამი“, სადაც 2002-03 წლების სეზონში ხუთი ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა კარიერა 28 წლის ასაკში 2004 წელს მუხლის ტრავმის გამო დაასრულა.

2002 წელი
ნიკა ცქიტიშვილი – დენვერი
დრაფტის მე-5 ნომერი

2000-იანების დასაწყისში NBA-ში შევიდა დირკ ნოვიცკი და თავისი უნივერსალიზმით ყველა გააოცა. სწორედ მაშინ დაიწყეს ევროპაში ახალი ნოვიცკების ძებნა და 2002 წელს „დენვერმა“ დიდი ავანსი გასცა ნიკა ცქიტიშვილზე – დრაფტზე მე-5 ნომრად აიჩია.

– ვიცი, ამერიკაში 2002-ში არ უნდა წავსულიყავი, – მოგვითხრობს ნიკა, – თინეიჯერულ ასაკში NBA-ის კლუბთან კონტრაქტის გაფორმება შეცდომა იყო. მანამდე ევროპაში სათამაშო დრო ძალიან ცოტა მქონდა, იტალიური „ბენეტონის“ შემადგენლობაში ევროლიგაზე ჯამში 40 წუთიც არ მქონდა ნათამაშები. არ უნდა ავჩქარებულიყავი, ევროპაში კიდევ ორი წელი მეთამაშა და NBA-იზე შემდეგ მეფიქრა.

ნიკას ვკითხე: დროის დაბრუნების შესაძლებლობა რომ გქონდეს, ამერიკაში 18 წლისა არ წახვიდოდი-მეთქი? კითხვითვე მიპასუხა:

– შენი თავი წარმოიდგინე ჩემს ადგილას. ამერიკული გუნდები გპირდებიან, რომ NBA-ის დრაფტზე ტოპ-ხუთეულში აგიყვანენ, რაც გარანტირებულ სამწლიან კონტრაქტს გულისხმობს. ასეთ დროს, არ გაგიჩნდება შეგრძნება, რომ შენ ამას იმსახურებ, რომ შეგიძლია ვარსკვლავებში ვარსკვლავურად ითამაშო? არ შეგემატება თვითრწმენა, თავდაჯერება? იტყვი უარს?

შედეგი
ცქიტიშვილი „დენვერში“ გატარებულ პირველ სეზონში საშუალოდ 16.3 წუთს თამაშობდა, მას მერე, ოთხი წლის განმავლობაში მისი წუთობრივი მონაგარი 2.6-დან 7.9-მდე მერყეობდა. არადა, სკიტაზე მოთხოვნილება იყო: „დენვერიდან“ „გოლდენ სტეიტმა“ გადაიყვანა, შემდეგ იყო „მინესოტა“, „ფინიქსი“ და 2006 წელს ევროპაში დაბრუნდა.

2003 წელი
ზაზა ფაჩულია – ორლანდო
დრაფტის 42-ე ნომერი

დრაფტის დასრულების შემდეგ ზაზას სასტუმროში დავურეკე. გაბრაზებული ჩანდა:

– დრაფტამდე ქართველ ჟურნალისტებსაც ველაპარაკე და ყველამ იცის, საღამოს 7 საათს როგორი ხალისით ვხვდებოდი. თუმცა დრაფტის დაწყების შემდეგ სიტუაცია ნელ-ნელა დაიძაბა და მეც დავიძაბე. ვერ მოვიტყუები, ავნერვიულდი-მეთქი, მაგრამ გაოგნებული შევყურებდი მოვლენათა განვითარებას. დრაფტზე ბევრი უცნაური ამბავი მოხდა, პირველ წრეში ზოგი ისეთი აირჩიეს, წინასწარ მათზე კრინტიც რომ არავის დაუძრავს. ზოგს პირიქით, დაჰპირდნენ და არ შეასრულეს. მაგალითად, ბერძენ სოფოკლის შორციანიტისს დრაფტამდე შევხვდი, მითხრა – ხუთეულში მოვხვდებიო. ხუთეულს ვინ ჩივის, 34-ე ნომრად აირჩიეს. ამერიკელები ბევრ რამეში შეცდნენ. გული ძალიან დამწყდა? დამწყდებოდა, აბა რა იქნებოდა?! ახლაც მიმაჩნია, რომ პირველ წრეში არჩევას ვიმსახურებდი. არ გეგონოთ, საკუთარ შესაძლებლობებს გადამეტებულად ვაფასებდე, ბევრი სპეციალისტი ფიქრობდა ჩემსავით. თუმცა სპორტული ხასიათი მაქვს და დანებებას არ ვაპირებ. გაორმაგებული მონდომებით ვივარჯიშებ და დავამტკიცებ, რომ ყველა, ვინც გულგრილად ჩამიარა, შეცდა. სხვათა შორის, იგივე ვუთხარი ამერიკელ ჟურნალისტებს. რამდენიმე ინტერვიუ მივეცი, ზოგმა ქართულადაც კი მალაპარაკა, ალბათ, რადიოში აპირებდა გაშვებას.

შედეგი
2003 წლის დრაფტის 42-ე ნომერი ახლა NBA-ს ორგზის ჩემპიონია.

2004 წელი
ვიქტორ სანიკიძე – ატლანტა
იმავე საღამოს „სან ანტონიოს“ დაუთმო
დრაფტის 42-ე ნომერი

დრაფტის მეორე დილას ვიქტორ სანიკიძეს ქართულ ნომერზე დავურეკე. თბილისში იყო.

– ჩემმა აგენტმა დამირეკა და გამაღვიძა – დრაფტის შემდეგ „სან ანტონიოში“ მოხვდიო. ცხადია, გამეხარდა, – მითხრა ვიქტორმა, რომელსაც ისეთი გუნდი შეხვდა, რომლის მწვრთნელიც დიდი დაკვირვებით არჩევდა კალათბურთელებს.

 

შედეგი

– ვფიქრობ, მე არაფერი დამიკლია, რომ „სან ანტონიოს“ ყურადღება დამემსახურებინა, – ეს უკვე 2012 წელს თქვა ვიქტორმა.

გრეგ პოპოვიჩის მითითებით ტრავმირებულ სანიკიძეს ოპერაცია ამერიკაში გაუკეთეს, იქვე უმკურნალეს. მას მერე მომჯობინდა, ევროპაში მაღალ დონეზეც ითამაშა, მაგრამ გრეგმა „სან ანტონიოში“ მაინც არ დაუძახა.

 

2012 წელი
თოკო შენგელია – ფილადელფია
იმავე საღამოს „ბრუკლინს“ დაუთმო
დრაფტის 54-ე ნომერი

დრაფტის ღამეს თორნიკეს მამა კახა შენგელია იხსენებს:

– ბევრი ვინერვიულეთ. „ნიუ ორლეანის“ ხელმძღვანელობას ნათქვამი ჰქონდა – შენგელიას ავიყვანთო, მაგრამ ორლეანელებმა სხვა ამჯობინეს. ამის გამო კიდევ უფრო დავიძაბეთ, თუმცა 54-ე ნომრად „ფილადელფიამ“ რომ აირჩია, ძალიან გაგვეხარდა. სწორედ მაშინ მიიღო თორნიკეს აგენტმა მესიჯი „დალასის“ წარმომადგენლებისგან, „ფილადელფიამ“ მცირედით დაგვასწრო, თორნიკე ჩვენ გვინდოდაო.

რამდენიმე წუთში სიტუაცია კიდევ ერთხელ შეიცვალა – შენგელია „ბრუკლინ ნეთსმა“ გამოისყიდა, რისთვისაც სოლიდური თანხა გადაიხადა.

ისევ კახა შენგელიას მოვუსმინოთ:

თოკოს თამაში „ბრუკლინის“ წარმომადგენლებს ტრევიზოს საზაფხულო ლიგაზე ნახეს. დრაფტის შემდეგ კი ყველა დარწმუნდა, რომ თორნიკე არჩევას იმსახურებდა. ერთმა ამერიკულმა გაზეთმა ისიც დაწერა, მისი 54-ე ნომრად აყვანა შეცდომა იყო, უფრო ადრე უნდა აერჩიათ, ახალწვეულთა საუკეთესო ათეულში შეყვანას იმსახურებსო.

შედეგი
თორნიკემ წელიწადნახევარი „ბრუკლინში“ ითამაშა, რომელსაც საჩემპიონო შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ დიდი შედეგებით ვერ დაიტრაბახებდა, ნახევარი სეზონი „ჩიკაგო ბულსში“ გაატარა. იქაც ცოტა დრო ჰქონდა.

NBA-ს რეგულარულ სეზონში კვირაში 3-4 თამაშია, გუნდები მატჩიდან მატჩამდე შედიან ფორმაში, თუ მოედანზე გასვლა იშვიათად გიწევს, ვერც ფორმაში შეხველ და სათამაშო პრაქტიკაც არ გექნება. ვარჯიშებზე ხომ არავინ იტვირთება, რათა მომდევნო დღის თამაშისთვის საღად იყოს. მთელი სეზონი მხოლოდ ინდივიდუალური წვრთნა ბევრს არაფერს შეგმატებს, – თქვა თორნიკემ და კარიერის ევროპაში გაგრძელება გადაწყვიტა.

2018 წელი
გოგა ბითაძე – ინდიანა
დრაფტის მე-18 ნომერი

NBA-ში მოხვედრა ჩემი მიზანი იყო, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ახლა ემოციების გამოხატვა მიჭირს, მაგრამ ძალიან გახარებული ვარ. ეს ყველაფერი ჩემი ოჯახის დამსახურებაა, მას ეკუთვნის. ოჯახის თითოეული წევრი ძალიან მეხმარება. საქართველოს ნაკრებში წლების განმავლობაში თამაშობდა ზაზა ფაჩულია, რომელსაც NBA-ში წარმატებული კარიერა ჰქონდა. მაღალი დონის პროფესიონალია და ნამდვილად სამაგალითოა. მან ორჯერ მოიგო NBA. მომწონდა კევინ გარნეტის სათამაშო სტილი, რომელიც ძალიან მოძრავი და აგრესიული იყო. მეც ვცდილობ, აგრესიულად ვითამაშო ყოველ მატჩში. ჩემი გუნდიდან ნაციონალურ ასოციაციაში ნიკოლა იოკიჩი მოხვდა, რომელიც ასევე მისაბაძი მაგალითია. თუმცა ჩემს პატარაობაში საქართველოში დალხენილი ცხოვრება არ იყო, არც NBA-ის თამაშების ყურების საშუალება გვქონდა…

შედეგი
გოგას კანდიდატურა 2018 წლის დრაფტზეც იყო წარდგენილი, მაგრამ ბოლო მომენტში მოხსნა. მიზეზი თავად ახსნა – NBA-ისთვის ფიზიკურად მზად არ ვიყავი. 2019 წელს მზად იყო, რაც 2019-20 წლების სეზონის სტარტზეც დაამტკიცა.

თუმცა, როგორც ვლადიმერ სტეფანიას არაერთხელ უთქვამს, NBA დიდი ბიზნესია და არის მიზეზები, რამაც შეიძლება მოთამაშეს დამსახურებული სათამაშო წუთები შეუკვეცოს. ბითაძე მოხვდა „ინდიანაში“, სადაც ორი კარგი ტანმაღალია, საბონისი და მაილსი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოლო ორი სეზონია „ინდიანა“ ვერ უჩვენებს მისაღებ შედეგს, რასაც ერთხელ უკვე მწვრთნელის ცვლილება მოჰყვა.