სანდრო მამუკელაშვილის 11 მოხსნა - „სან ანტონიო“ „ოკლაჰომასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის 11 მოხსნა - „სან ანტონიო“ „ოკლაჰომასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

NBA-ის რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ მე-80 შეხვედრა „ოკლაჰომა სიტისთან“ სტუმრად ჩაატარა და 89:127 დამარცხდა.

ბოლო შეხვედრების მსგავსად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ტეხასური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო. მამუკელაშვილმა 25:31 წუთი მიიღო, რა დროშიც 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. სანდრომ თამაშიდან 8-ჯერ შეუტია მეტოქის ფარს, თუმცა ვერცერთი სროლა გამოიყენა და მატჩი უქულოდ დაასრულა.

„სან ანტონიოს“ რიგებში მოედანზე საუკეთესო 20 ქულით ზაკ კოლინსი იყო, ხოლო შეხვედრის საუკეთესო ბომბარდირი 26 ქულით შაი გილგის-ალექსანდერი გახდა „ოკლაჰომადან“.

ამ მომენტისთვის „სან ანტონიოს“ 20 გამარჯვება და 60 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზეა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე გუნდი კიდევ ორ მატჩს გამართავს, მამუკელაშვილის გუნდის მეტოქეები „დენვერი“ და „დეტროიტი“ იქნებიან.

მცირე სათამაშო დრო მიიღო საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, გოგა ბითაძემ. ქართველი კალათბურთელის „ორლანდო“ „მილუოკის“ დაუპირისპირდა და 99:117 დამარცხდა. ბითაძემ მოედანზე 4 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.