„ქართულმა ოცნებამ“ ზესტაფონში მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძე წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებში ზესტაფონის მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძე წარადგინა
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ შუალედურ არჩევნებში ზესტაფონის მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძე წარადგინა.
„ჩემთვის დიდი პატივია იმ სტატუსით წარდგენა, რასაც ზესტაფონის მერობის კანდიდატი ჰქვია. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს და ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, თავი წარმოვაჩინო ჩვენს მუნიციპალიტეტში. მჯერა თითოეული თქვენგანის, ისევე დამიდგებით გვერდში, როგორც აქამდე, ყველა იმ უსამართლობაში, რაც არ მოგვწონდა. ჩვენ ვართ ღია და მომართული, რათა საქმე ვაკეთოთ“, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.
ზესტაფონის მერობის კანდიდატმა მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
„ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთი პროექტი განხორციელდა, მაგრამ 2019 წლიდან იწყება ზესტაფონისთვის უპრეცენდენტო პროექტები როგორც ინფრასტრუქტურული, ისე წყლისა და გაზიფიცირების – ტაბაკინი, კლდეთი, სადგური სვირი. თუკი სადმე, რომელიმე ოჯახს დღეს გაზიფიცირების პრობლემა აქვს, მიმდინარე წელს გაშლილია ლოკაცია და ძალიან მალე თქვენ თვითონ ნახავთ, რა შეუძლია გუნდს, რა შეუძლია ერთად დგომას.
19 მაისს თქვენი შემოხაზული ნომერი 41 იქნება სიმშვიდის, სიკეთის, მეგობრული გარემოსი, ჯანსაღი ურთიერთობების ციფრი, რომელიც განამტკიცებს იმ ურთიერთობებს, რაც ზესტაფონს ტრადიციულად ჰქონდა. ზესტაფონი იყო ურთიერთობების ქალაქი, მე ასეთ ქალაქში გავიზარდე და მინდა, ისევ იმ ზესტაფონში ვიცხოვროთ. კიდევ ერთხელ მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო. თქვენი მხარდაჭერით მივიღე ის გადაწყვეტილება და გამოწვევა, რასაც ზესტაფონის მერობა ჰქვია“, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.